ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), საქართველოს ახალგარდა იურისტთა ასოციაცია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ISFED-ის სამუშაო ჯგუფში დაშვებამდე დროებით აჩერებენ მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას.
NGO-ების შეფასებით, დისკრიმინაციული და უსამართლო სამუშაო გარემო, არ ტოვებს ადგილს სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობისთვის მმართველის პარტიის მიერ ინიცირებულ სამუშაო პროცესში.
ორგანიზაციები მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას, გაიაზრონ მიღებული გადაწყვეტილების დამაზიანებელი გავლენა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და უზრუნველყოს საარჩევნო საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ჩართულობა ამ სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრამდე.
ორგანიზაციების გადაწყვეტილებას დღეს, 21 აგვისტოს უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„საქმე გვაქვს იმპულსურ გადაწყვეტილებასთან, რომელიც სამწუხაროდ… ეს გარკვეული არაჯანსაღი სოლიდარობა გარკვეულ ელიტურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის საქართველოში ჩამოყალიბდა, რომელმაც მიიღო კორპორატივიზმის ფორმა, სადაც შინაარსს აღარ უყურებენ და უბრალოდ არ წირავენ ერთმანეთს და მიუხედავად იმისა, რა დგას ამ ყველაფრის უკან, სოლიდარობას გამოხატავენ, რაც გადაზრდილია კორპორატივიზმში.
კიდევ ერთხელ გავიხსენებ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მდგომარეობას, დამტკიცებულია, რომ ისფედი ერთი თვე მალავდა პარალელური დათვლის ნამდვილ რიცხვებს და მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი მოწოდებისა, ამ ორგანიზაციებმა სწორედ კორპორტივიზმის მიზნებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე ხელი დააფარეს ისფედს და ცდილობდნენ, არ ყოფილიყვნენ კრიტიკული მის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
18 აგვისტოს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) „ქართულმა ოცნებამ” უარი უთხრა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე.
შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ 24 ივნისს ორგანიზაციების, მათ შორის, „სამართლიანი არჩევნების“ ორგანიზებით გაიმართა აქცია, რომელზეც პარლამენტს წამოუყენეს ულტიმატუმი, რომ დაეთხოვა მთავრობა და შეედგინა ე.წ. ტექნიკური მთავრობა.
პაპუაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ISFED-მა გამოხატა ინტერესი პარლამენტის სამუშაო ჯგუფში მუშაობის თაობაზე, ხელისუფლება დაინტერესდა, იზიარებდნენ თუ არა კვლავ აქციაზე დაყენებულ ულტიმატუმსა და მოთხოვნას.
„ჩვენს შეთავაზებაზე, რომ პოზიცია დაეფიქსირებინათ, თუკი ისინი არ იზიარებენ ამ მოთხოვნას, შეეძლოთ მიეღოთ მონაწილეობა სამუშაო ჯგუფში, თუკი ისინი კვლავ აგრძელებენ ულტიმატუმის ენით საუბარს, რომ პარლამენტმა დაითხოვოს მთავრობა, დააკომპლექტოს „ტექნიკური მთავრობა“, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე რთული იქნება საუბარი…თუკი ისინი ამ პოზიციას არ იზიარებენ და მოხსნიან ამ მოთხოვნას, რა თქმა უნდა, მათ სრულად შეუძლიათ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის ამ განცხადების საპასუხოდ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა ნინო დოლიძემ მედიას განუცხადა, რომ ხდება რეალური პრობლემისგან თემის გადატანა და რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია.
მისივე თქმით, „სამართლიან არჩევნებს“ არასდროს უთქვამს, რომ მთავრობის ფორმირებაში რამე სახით მონაწილეობის სურვილი აქვს.