ზურაბიშვილი: სადმე რომ შევდივართ ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ, თუ გავიტანოთ

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მოსმენებთან მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ დაადო ვეტო ამ კანონპროექტს.

 „რა, თუ არა, მოსმენები, ეხება ჩვენს დღევანდელ და ხვალინდელ სისტემას. აქ გადის გამყოფი ხაზი, ჩვენ კიდევ საბჭოთა მემკვიდრეობაში ვართ, თუ მართლაც გადავდივართ ევროპულ სისტემაზე. არის დაცული ჩვენი პირადი ცხოვრება მოსმენებისგან, თუ არ არის დაცული. ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სადმე რომ შევდივართ და რამეზე საუბარი გვინდა, ყველანი ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვოთ, თუ გავიტანოთ. შემდეგ ვძლევთ ამას და ვამბობთ, რომ ჯანდაბას, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ, რასაც უნდათ. ეს კიდევ არის და ეს არ არის ევროპული ცხოვრება. ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცულობა. ეს არის სხვა სისტემა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ.“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ვეტოთი სწორედ ამისი თქმა სურდა, რომ „ეს ცვლილებები – არადასაბუთებული, აჩქარებული წესით, არაინკლუზიური კონსულტაციებით,“ მომზადდა.

მისი თქმით, მოხარულია, რომ ვენეციის კომისიამ ამ ვეტოს საფუძვლები გაიზიარა.

„თუ ჩემზე შეიძლება, ითქვას, რომ არაკომპეტენტური ვარ, მგონი, ცოტა არ იყოს, უხერხულია ზოგიერთებისთვის, როცა ვენეციის კომისიას აბრალებენ არაკომპეტენტურობას. მით უმეტეს ისინი, რომლებიც სხვა დროს და სხვა სიტუაციებში სწორედ იშველიებდნენ ვენეციის კომისიის დასკვნებს.– აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

„კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და საჭიროებს გადახედვას”, – ასე შეაფასა ვენეციის კომისიამ ე.წ. მოსმენების კანონი, რომელიც პარლამენტმა 7 ივნისს მიიღო და პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

——————-

საქართველოში მომუშავე არასამთაბრობო ორგანიზაციების შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი ხარვეზით ხასიათდება, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადასთან და პირისათვის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეტყობინებასთან დაკავშირებული ახალი წესები, კერძოდ, ფარული მოსმენები 77 დანაშაულზე შეიძლება უვადოდ განხორციელდეს და რიგი დანაშაულების შემთხვევაში პირმა შესაძლოა 30 წელიც ვერ შეიტყოს,  რომ მის მიმართ ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. შესაბამისად, ვერასდროს გამოიყენოს გასაჩივრების უფლება, ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ვერ დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება და დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს,  27 ნაკლებად მძიმე დანაშაულიც ემატება.