კანონპროექტი ნაჩქარევად მიიღეს, საჭიროებს გადახედვას - ვენეციის კომისია ე.წ. მოსმენების კანონზე

პუბლიკა

„კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და საჭიროებს გადახედვას”, – ასე აფასებს ვენეციის კომისია ე.წ. მოსმენების კანონს, რომელიც პარლამენტმა 7 ივნისს მიიღო და პრეზიდენტმა ვეტო დაადო. საკითხზე ვენეციის კომისია გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი გურამ იმნაძე ეხმაურება აღნიშნულ დასკვნას და ამბობს, რომ ეს დასკვნა ნამდვილად გამოირჩევა კრიტიკულობით და ეს კრიტიკა მიემართება მოსმენების არა ერთ ასპექტს, არამედ მთლიანად ფარული მიყურადების სისტემას.

„ვენეციის კომისია” მსჯელობას იწყებს ზოგადად კანონშემოქმედებითი საქმიანობის სახელძღვანელო პრინციპებით და ხაზს უსვამს, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობა არასაკმარისი ინკლუზიურობით წარიმართა. კომისია ასევე მკაფიოდ აღნიშნავს, რომ ვერც კანონპროექტის განმარტებით ბარათში და ვერც მის ავტორებთან კომუნიკაციისას, ვერ მოისმინა მკაფიო, კონკრეტული და სიღრმისეული არგუმენტაცია, რატომ გახდა ეს ცვლილებები საჭირო. კომისია არასაკმარისად მიიჩნევს მხოლოდ ზოგად მითითებას იმაზე, რომ ქვეყანა ჰიბრიდული საფრთხეების წინაშეა და რომ უსაფრთხოების ორგანოების მეტი ეფექტიანობაა საჭირო.

მოსაზრებებში გაკრიტიკებულია კანონპროექტის სამივე ძირითადი ასპექტი: 1) იმ დანაშაულების წრის გაფართოება, რომლებზეც ფარული მიყურადება შესაძლებელი გახდება; 2) მოსმენების ვადების გახანგრძლივება; 3) მოსმენების ადრესატისთვის შეტყობინების გარანტიების შესუსტება.

კომისია ასევე საუბრობს იმაზე, რომ ფარულ მიყურადებაზე არსებული სასამართლო კონტროლი შესაძლოა არ იყოს საკმარისად ეფექტიანი (ამის საილუსტრაციო კომისიას მოჰყავს სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდბომლობების სტატისტიკაც).

ყველაზე საინტერესო, ჩემი აზრით, ის არის, რომ „ვენეციის კომისია” ზოგადად აკრიტიკებს დღეს არსებული ფარული მოსმენების სისტემას. კომისია აღნიშნავს, რომ სასამართლო თუ სხვა ტიპის გარე-ზედამხედველობის მექანიზმები არაა საკმარისად ეფექტური. კომისია რეკომენდაციებში პირდაპირ მიუთითებს, რომ არამხოლოდ ეს კონკრეტული კანონპროექტია გადასახედი, არამედ მთლიანად ფარული მიყურადების ზედამხედველობის მექანიზმებია ახლიდან განსასაზღვრი.

რომ შევაჯამოთ, უკვე „ვენეციის კომისიაც” გვეუბნება, რომ მოსმენების არსებული სისტემა უნდა დაინგრეს. ძალიან ცინიკური და იმავდროულად სევდიანია, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ფარული ჩანაწერების გამომზეურებით მოვიდა ხელისუფლებაში და გვპირდებოდა, რომ ამ საშინელ პრაქტიკას აღმოფხვრიდა, ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის თავზე აი ასეთ შეფასებებს და რეკომენდაციებს იღებს”, – წერს იმნაძე facebook-ზე.


საქართველოში მომუშავე არასამთაბრობო ორგანიზაციების შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი ხარვეზით ხასიათდება, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადასთან და პირისათვის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეტყობინებასთან დაკავშირებული ახალი წესები, კერძოდ, ფარული მოსმენები 77 დანაშაულზე შეიძლება უვადოდ განხორციელდეს და რიგი დანაშაულების შემთხვევაში პირმა შესაძლოა 30 წელიც ვერ შეიტყოს,  რომ მის მიმართ ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. შესაბამისად, ვერასდროს გამოიყენოს გასაჩივრების უფლება, ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ვერ დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება და დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს,  27 ნაკლებად მძიმე დანაშაულიც ემატება.