ვადებ ვეტოს კანონპროექტს „მოსმენებზე“ და დავადებ ვეტოს ყველა არასწორ კანონს - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის ადებს ვეტოს კანონპროექტს „მოსმენების“ შესახებ. მისი თქმით, მან იცის, რომ ვეტო იქნება დაძლეული, თუმცა პრეზიდენტის განაცხადით, ეს არის პოლიტიკური აქტი და არა სამართლებრივი.

„მე დღეს ვიყენებ ვეტოს. თქვენ იცით რომ მე არ ვიყენებდი ვეტოს, იმიტომ, რომ როცა იცი ვეტო დაძლეული იქნება, ცოტა არ იყოს ინსტიტუტისთვის არ ვარგა ევტოს გამოყენება და მერე დაძლევა, მაგრამ დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას და ამდენად ადამიანის უფლებების შეზღუდვას. ვიყენებ, იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, მე არ ვეთანხმები და ეს ასე მიიღეთ. მე ვიცი, ეს იქნება დაძლეული, ეს არ შეცლის შინაარსობრივად“, – თქვა მან.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის მომდევნო თვეებში დაადებს ვეტოს ყველა იმ კანონს, რომელიც მისი აზრით არასწორი მიმართულების იქნება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ დღეებში საქართველოში არ უნდა იყოს მიღებული კანონი, რომელიც ავიწროებს ადამიანის უფლებებს, იმ ფონზე, როდესაც ევროკომისია ქვეყანას სთხოვს, რომ ამ მიმართულებით იყოს მეტად დემოკრატიული.

„ყოველი კანონი, რომელიც იქნება მიღებული ამ თვეების განმავლობაში არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს და ავხსნი, რომ ეს არის პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი. არ შეიძლება ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ასეთი კანონი, რომელიც ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როდესაც პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით მივცეთ მეტი გარანტიები, რომ ვიყოთ უფრო დემოკრატიულები და ვიყოთ უფრო ევროპელები“, – თქვა მან საგანგებო ბრიფინგზე.

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა დღევანდელი პლენარული სხდომა პარლამენტში და პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლა. მან პრემიერის გამოსვლას „აბსურდი და შეურაცხმყოფელი უწოდა“.