კალაძის სარჩელი დაუსაბუთებელია და „TV პირველის“ დისკრედიტაციისკენაა მიმართული - იურისტი

პუბლიკა

„TV პირველის“ იურისტი ქეთი ზანდუკელი ამბობს, რომ კახი კალაძის სარჩელი ტელეკომპანიის წამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერი, კახა კალაძე „TV პირველის“ წამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს და მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის 100 000 ლარს მოითხოვს. ამის შესახებ ბრიფინგზე კახა კალაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ისაუბრა.

ტელეკომპანიის იურისტმა ქეთი ზანდუკელმა „TV პირველთან“ განაცხადა, რომ კალაძის სარჩელი ტელევიზიის დისკრედიტაციისკენ და მისთვის დიდი ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებისკენაა მიმართული.

„მაია მამულაშვილის მიერ არ მომხდარა კონკრეტული განცხადების გავრცელება. სარჩელი ტოვებს განცდას, რომ კალაძის მიზანი, მცირე შემოსავლის ტელევიზიები ფინანსური სანქციებით დახურვის პირას მიყვანაა.

ეს განცხადება გავრცელდა 2019 წლის 18 მაისს და მას შემდეგ არაერთმა წყარომ და არაერთმა პირმა საჯარო სივრცეში ინფორმაცია გაავრცელა და გაიმეორა. ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება მიჩნეული, რომ მამულაშვილმა აღნიშნული განცხადების გავრცელება მოახდინა, რომელიც თავის მხრივ, კახა კალაძის პატივისა და ღირსების შელახვა შეძლო. ეს არის დაუსაბუთებელი მოთხოვნა და მიმართულია ტელევიზიის დისკრედიტაციისკენ”, – განაცხადა ქეთი ზანდუკელმა.


კალაძის ადვოკატმა გუშინ თქვა, რომ 2022 წლის 5 ივნისს „TV პირველის” ეთერში გავიდა მაია მამულაშვილის გადაცემა, სადაც ჟურნალისტმა თქვა, რომ „მხოლოდ ერთი ტენდერიდან კახა კალაძემ 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია“. სწორედ ეს გავრცელებული ინფორმაცია გახდა სასამართლოში დავის მიზეზი.