კალაძე „TV პირველის“ წამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

პუბლიკა

თბილისის მერი, კახა კალაძე „TV პირველის“ წამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს და მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის 100 000 ლარს მოითხოვს.

თბილისის მერის ადვოკატია დიმიტრი გაბუნია, რომელმაც ამის შესახებ დღეს მედიასთან ისაუბრა. ადვოკატის თქმით, 2022 წლის 5 ივნისს „TV პირველის” ეთერში გავიდა მაია მამულაშვილის გადაცემა, სადაც ჟურნალისტმა თქვა, რომ „მხოლოდ ერთი ტენდერიდან კახა კალაძემ 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია“.

ადვოკატის თქმით, ჟურნალისტის გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და ამის გამო კალაძემ 2022 წლის 20 ივნისს სასამართლოს მიმართა.

დიმიტრი გაბუნიას თქმით, თბილისის მერი „ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს“. როგორც ის აცხადებს ჟურნალისტს სასამართლო უწყება ჩაბარდა 24 აგვისტოს.

ეს მედიისთვის დღეს გახდა ცნობილი. „პუბლიკა“ დაუკავშირდა „TV პირველს“. მათ შეფასებასა და კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ცალკე შემოგთავაზებთ.