შექმნის შემთხვევაში როგორ გამოიძიებს საპარლამენტო კომისია გოგაშვილის ინფორმაციას?

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მუშაობს.

ქართული და რუსული სპეცსამსახურების სავარაუდო თანამშრომლობის შესახებ სოსო გოგაშვილის განცხადებების შემდეგ „ლელომ“ წარმოადგინა ინიციატივა, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც დაადგენს, სიმართლეს ამბობს თუ არა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი.

კომისიის შექმნის საკითხის ინიციირებისთვის პარლამენტში ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო.

კომისიის შექმნის პროცედურა, მუშაობის ვადა და შემადგენლობა

თავდაპირველად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ინიციირებას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/5 ანუ 30 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.

რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ საკითხის ინიციირების შემდეგ კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის წევრთა 1/3, ანუ 50 დეპუტატი მაინც.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი 143 დეპუტატისგან შედგება. საპარლამენტო უმრავლესობაში 84 დეპუტატია გაერთიანებული, საპარლამენტო ოპოზიცია კი 59 წევრისგან შედგება.

„ლელოს“ ერთ-ერთი წევრი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომისიის შექმნას ვერბალურად 53 დეპუტატი უჭერს მხარს, მათ შორის, „ლელოს“, „ენმ-ის“, „გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, გახარიას გუნდის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები.

კომისიის მხარდამჭერთა შორის ამ ეტაპზე არ არიან საპარლამენტო უმრავლესობა, „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“.

აღსანიშნავია, რომ საკითხის ვერბალური მხარდაჭერა არ არის გარანტია, რომ კომისია შეიქმნება. ეს მხარდაჭერა პარლამენტში კენჭისყრაზეც უნდა დაფიქსირდეს.

უსუფაშვილის თქმით, საკითხი პარლამენტში მომავალ კვირას დარეგისტრირდება. „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ხელმოწერის მსურველებს დრო მომდევნო კვირის ოთხშაბათამდე აქვთ.

„30 ხელმოწერა, ფაქტობრივად, გვაქვს, მაგრამ მაინც გვინდა, მაქსიმალურად, კიდევ ოთხშაბათამდე არის დრო და ამ ეტაპზე ვისაც სურს, რომ შემოგვიერთდეს, ყველა შემოგვიერთდეს. მე მინდა, როცა კენჭისყრაზე დადგება საკითხი, მქონდეს იმედი, რომ გვექნება 50 დეპუტატის მხარდაჭერა“, – ამბობს ის.

რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ კომისიის საქმიანობის ვადაა არაუმეტეს 3 თვე, თუმცა შესაძლებელია საქმიანობის ვადის გახანგრძლივება თითო თვით. საბოლოოდ, კომისიის საქმიანობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

სალომე სამადაშვილის თქმით, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში წევრთა და უფრაქციო პარლამენტარების რაოდენობის პროპორციულად. კომისიაში თითო ფრაქციიდან ერთი წევრი მაინც უნდა შედიოდეს; კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.

კომისიის შექმნის საფუძვლები 

პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია: ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს; ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ ინფორმაცია;

როგორ წარმოუდგენია „ლელოს“ კომისიის მუშაობის პროცესი და შედეგი

„ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი განმარტავს, რომ საკითხი, რომლის გამოსაძიებლად კომისიის შექმნა იგეგმება, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მით უმეტეს მაშინ, როცა მასში მონაწილეობას ყოფილი მაღალჩინოსანიც ადასტურებს.

„მთავარი ისაა, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის კითხვები არის სრულიად სხვა კითხვები, ჟურნალისტის შეკითხვისგან განსხვავებით, საგამოძიებო კომისიის კითხვაზე არასწორი პასუხი ისჯება კანონით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ გვინდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ამ მნიშვნელოვან საკითხზე, ქვეყნისთვის ხიფათის შემცველ უზარმაზარ თემაზე. მინიმუმ ერთი მაღალჩინოსანი, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე აღიარებს ასეთ საქმეში მონაწილეობას“, – ამბობს უსუფაშვილი.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიამ პირველად სოსო გოგაშვილი უნდა გამოკითხოს. როგორც დეპუტატი ამბობს, კომისიის სამუშაო ფორმატით განისაზღვრება, რომ დეპუტატებს გოგაშვილთან ციხეში ვიზიტი შეეძლებათ.

„საგამოძიებო კომისიას, უპირველეს ყოვლისა, დასაკითხი ჰყავს ბატონი გოგაშვილი, რომელმაც უკვე ფიცის ქვეშ, სასჯელის შიშის ქვეშ უნდა თქვას სიმართლე. არ მესმის, თავად ხელისუფლება რატომ არ არის დაინტერესებული, საპარლამენტო კონტროლის ქვეშ მოუსმინოს გოგაშვილს და მტყუანი და მართალი გაარჩიოს. კომისია – ეს არის სიცხადის შეტანის ინსტრუმენტი, ეს არ არის რეპრესიის ინსტრუმენტი. ესაა საპარლამენტო კონტროლის პირველი თემა, რომ ასეთი საკითხები გამოიძიოს.

ეს არის პოლიტიკური პროცესი, ჯერ ახლა იწყება და ბევრია გასავლელი. მე ვიცი, აქ იყო შეკითხვები, გოგაშვილი ხომ არ იქნება ჩვენი პარტნიორი ამ საქმეში. პარტნიორი კი არ იქნება, ამ კომისიისთვის მთავარი ადამიანია, ვინც უნდა დაიკითხოს და ვის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებები ბოლომდე გამომზეურდეს… მისი ბოროტმოქმედებანი სააშკარაოზე უნდა გამოვიტანოთ, ოღონდ როგორც „ოცნებას“ სურს წარმოაჩინოს, რომ ის ინდივიდი ერთი ცალია, რაღაცებს იგონებს და სისტემაში პრობლემა არ ყოფილა, მისი მეშვეობით, შეიძლება, ჩვენ სისტემის ხარვეზები დავდოთ ხელის გულზე,“, – განაცხადა მან.

„ლელოს“ კიდევ ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი განამარტავს, რომ საგამოძიებო კომისიის მანდატია შეისწავლოს სუს-ის თანამშრომლობა რუსეთის სპეცსამსახურებთან, ოღონდ, კომისია გოგაშვილის მიერ გაჟღერებული ფაქტებით არ შემოიფარგლება და ასევე შეისწავლის, ზოგადად, თანამშრომლობის ფაქტებს, რადგან არაერთი წყაროდან არსებობს ამაზე ინფორმაცია.

მისი განმარტებით, საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია, გამოკითხოს ნებისმიერი პირი, მოითხოვოს დოკუმენტები, გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს ან საქმის არაღძვრის საფუძვლებს.

„საჯაროდ მიმდინარეობს საგამოძიებო კომისიის მოსმენები. კომისიას შეუძლია, დაიბაროს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქე, რომელსაც ჩათვლის საინტერესოდ და საჭიროდ იმ ინფორმაციისთვის, რომელსაც იკვლევს. მაგალითად, როდესაც გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით ხორციელდება ესა თუ ის ქმედება, ან ის არის მიმღები ამა თუ იმ ინფორმაციის და ა.შ. ბიძინა ივანიშვილის დაბარება საგამოძიებო კომისიას შეუძლია, მის უფლებამოსილებაში შედის და ის ვალდებული იქნება, მოვიდეს, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პირი.

კომიტეტშიც ვიბარებთ და მოდიან ხოლმე მინისტრები და სხვა პირები, მაგრამ საგამოძიებო კომისიას აქვს უფრო ფართო მანდატი, ფაქტობრივად, ეს არის სრული უფლებებით აღჭურვილი საპარლამენტო მექანიზმი. ამ იდეის მხარდაჭერა დღეს მაღალია, როგორც ოპოზიციაში, ასევე საზოგადოებაში. ამ კომისიის შექმნის ეშინია „ოცნებას“, რადგან ამ კომისიამ შეიძლება პანდორას ყუთი გახსნას. შეიძლება, გოგაშვილს მოჰყვეს სხვა ადამიანები, რომლებიც გააგრძელებენ სისტემის მხილებას.

კომისიის მუშაობის საჯაროობა არის დაცვა ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, გასცენ ინფორმაცია, საპარლამენტო ფორმატი ნიშნავს იმას, რომ მაღალი ინტერესი და ჩართულობა იქნება საერთაშორისო პარტნიორებისგანაც და როდესაც საუბარი გვაქვს მხილების პრობლემასთან, როცა სისტემას ამხელენ ამ სისტემის ნაწილები, ამ ხალხისთვის საფრთხეები ზეწოლის თვალსაზრისით მაღალია და ეს კომისია ქმნის სივრცეს, სადაც ეს ადამიანები შეძლებენ, თქვან სიმართლე“, – განმარტავს სამადაშვილი.

„ლელოს“ დეპუტატის თქმით, საგამოძიებო კომისიის მიერ შექმნილი პროცესი საზოგადოებისთვის ისეთი ინფორმაციის მიმცემი ინსტრუმენტი გახდება, რომელიც, შესაძლოა, ხელისუფლებისთვის გადამწყვეტი გახდეს. სამადაშვილის ვერსიით, სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება ხელისუფლება კომისიის შექმნას.

„მე არ გამოვრიცხავ ზეწოლას დეპუტატებზე. თავად თქვეს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ  საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი შეეშალოსო, ამიტომ ველოდები, რომ როდესაც დაინიცირდება საკითხი და მივა საქმე განხილვებამდე და კენჭისყრებამდე, ველოდები, რომ „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუშალოს ამას. ისინი ცდილობენ, თავისი განცხადებებით შექმნან ალტერნატიული დღის წესრიგი, მაგრამ პირველად ხდება, რომ სისტემის ნაწილი ამხელს სისტემას“, – ამბობს სამადაშვილი.


სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობის მზადყოფნა უკვე გამოთქვა.

იგივე პოზიცია აქვს სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელსა და ამჟამინდელ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს.

15 სექტემბერს მან მედიასთან გოგაშვილის ბრალდებები უარყო, თუმცა განაცხადა, რომ თუკი პარლამენტში ამ საკითხზე შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რასაც დეპუტატების ნაწილი მოითხოვს, ის მივა და ყველა კითხვას უპასუხებს.

საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე გაავრცელა განცხადება არასამთავრობო სექტორმა.