ქართულ-რუსულ სპეცსამსახურების კავშირზე გოგაშვილის ინფორმაცია გამოძიებას საჭიროებს - NGO-ები

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები 10 სექტემბერს, „ტვ პირველის“ ეთერში, ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემაში გასულ სიუჟეტს ეხმაურებიან, სადაც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი საპატიმროდან საქართველოს ხელისუფლებასა და იმდროინდელ სუს-ის უფროსს და მოქმედ შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (ФСБ) პირდაპირ კავშირში სდებს ბრალს.

„გოგაშვილის მიერ გამოქვეყნებული მასალა და „ტვ პირველის“ სიუჟეტში აღწერილი გარემოებები, დადასტურების შემთხვევაში, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ან/და სამოხელეო დანაშაულზე, რუსეთთან ხელისუფლების მჭიდრო კავშირებსა და ანტიდასავლურ კურსზე მიუთითებს, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. შესაბამისად, გაჟღერებული ინფორმაცია სრულყოფილ და სიღრმისეულ გამოძიებას საჭიროებს.

წლების განმავლობაში გახმაურებული საქმეების შესახებ საჯაროდ არსებული ინფორმაცია აჩენს კითხვებს პროკურატურის არაეფექტიანი და ზოგიერთ შემთხვევაში, შერჩევითი რეაგირების შესახებ. შესაბამისად, საკითხის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ პარლამენტში უნდა შეიქმნას  დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც სიუჟეტში აღწერილ გარემოებებს სათანადოდ გამოიძიებს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს:

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

უფლებები საქართველო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ღია საზოგადოების ფონდი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ადამიანის უფლებათა ცენტრი