„ქართული ოცნების” დეპუტატი ალუდა ღუდუშაური არ იზიარებს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას კრიტიკას 5-6 ივლისის მოვლენების ეფექტურ და სრულყოფილ გამოძიებასთან დაკავშირებით.
როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, აღნიშნული მოვლენების შემდეგ სისხლისსამართლებრივი წესით 31 პირი მიეცა პასუხისგებაში, და საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებამ ვიღაცას ხელი დააფარა, არარელევანტურია.
„დარწმუნებული ვარ გექნებათ ეს ინფორმაცია და იქნებ ისიც გვითხრათ, რომ 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით რამდენი პირი იქნა სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემული? ანუ ბრალდება რომ წარედგინა და რამდენი [არის დასჯილი] ადმინისტრაციული წესით?
მე კიდევ შეგახსენებთ, რომ 31 პირი დასჯილია სისხლის სამართლის წესით, ვისაც ბრალდება წარედგინა, და 100-ზე მეტი პირი – ადმინისტრაციული წესით.
აქ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ლოიალური მიდგომა თურმე და ვიღაცას ხელი დააფარა და თავზე ხელი გადავუსვით, მგონია, რომ არარელევანტურია, რბილად რომ ვთქვათ.
სხვა შემთხვევაში, თქვენ აბა დაგვიმტკიცეთ, რა უნდა ყოფილიყო, უფრო წონადი სახელმწიფოს რა უნდა გაეკეთებინა, 31 პირის სისხლის სამართლის წესით დასჯის ნაცვლად 500 უნდა მიეცა? ან პირიქით? რაოდენობასთან დაკავშირებით გაქვთ [შენიშვნა] თუ რაზე საუბრობთ?”, – აღნიშნა ღუდუშაურმა.
რა წერია სახალხო დამცველის ანგარიშში 5-6 ივლისის მოვლენების გამოძიებაზე?
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია. ამასთან, შსს-მ არ მიიღო ეფექტიანი ზომები ძალადობის თავიდან ასარიდებლად.
„2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენები, რომელთა დროსაც საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ლგბტ+ თემის, მათი აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაცვა და მათ მიმართ ძალადობის პრევენცია. მეტიც, სწორედ მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები იყო ჩადენილი ძალადობის წამახალისებელი. ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა, ლგბტ+ თემისა და მათი მხარდამჭერების მიმართ ძალადობის მაღალი რისკის არსებობა, ვინაიდან 5 ივლისის მოვლენებს კონკრეტული პირების მხრიდან ძალადობისკენ და ამ მიზნით საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მობილიზებისკენ საჯარო მოწოდებები უძღოდა წინ.
მიუხედავად ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მიიღო ეფექტიანი ზომები ძალადობის თავიდან ასარიდებლად და, სამწუხაროდ, არც ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირება იყო სათანადო.
სამწუხაროდ, 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან მიმართებით საქართველოს პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები, სულ მცირე, 2 პირის მიმართ შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აღწევს”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.