თავს დამნაშავედ არ ვცნობ, – ამის შესახებ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს.
ბასილაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა.
„სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ. როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”, – განაცხადა ბასილაშვილმა.
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე 2020 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის წარედგინა.
პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი როგორც ნეკა დოროყაშვილი, ასევე მათი მცირეწლოვანი შვილიც.