როცა ძალადობაში ბრალდებული ჩემპიონია | ყველაფერი ბასილაშვილის საქმეზე

თათია ხალიანი

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე 2020 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის წარედგინა. პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი როგორც ნეკა დოროყაშვილი, ასევე მათი მცირეწლოვანი შვილიც. საქმეშია 6 შემაკავებელი ორდერიც, რომელიც ბასილაშვილისა და მისი მშობლების მიმართ გამოწერა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქალაქო სასამართლომ კი ექვსივე ორდერი ძალაში დატოვა. ბასილაშვილის დაცვის მხარეს ორდერები სააპელაციო სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია. ჩოგბურთელის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარეობს ასევე ქონებრივი დავაც, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა კი 19 მარტს უნდა დაიწყოს. ჩოგბურთელი ბრალს არ აღიარებს.

რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინდნენ. ჯერ კიდევ ქორწინებაში ყოფნის დროს ნელი დოროყაშვილმა სასამართლოს თანაცხოვრების დროს დაგროვილი ქონების დაცვის მიზნით მიმართა. მაშინ მხარეები მედიაციაზე შეთანხმდნენ და მორიგების აქტი შედგა, რომლის მიხედვითაც, თანასაკუთრება განაწილდა და მორიგების დოკუმენტში ალიმენტის ჩანაწერიც გაჩნდა. განქორწინების შემდეგ, როგორც ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, მან სასამართლოს მიმართა ამ მორიგების აქტის დარღვევის გამო. ქონებრივი დავაც სწორედ ამას ეხება.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის საქმეს, როგორც ნელი დოროყაშვილი ჰყვება, 2020 წლის 21 მაისს ის ნიკოლოზ ბასილაშვილის სახლში მცირეწლოვანი შვილის წამოსაყვანად მივიდა, რა დროსაც ჩოგბურთელმა ბავშვის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ნელი დოროყაშვილის თქმით, ამ დროს შემთხვევის ადგილზე იყო ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა, რომელმაც ასევე სცადა მისი ფიზიკური შეურაცხყოფა. ნელი დოროყაშვილი და მისი შვილი დაზარალებულად ცნეს. ოჯახის სამ წევრზე კი გაიცა შემაკავებელი ორდერი. ჩატარდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზაც.

თავად ნელი დოროყაშვილის სურვილით, გამოძიების მიმდინარეობისას და შემდეგაც მისი უფლებადამცველები საქმის დეტალების გასაჯაროებისაგან თავს იკავებდნენ, საქმეში არსებული პირადი ცხოვრების დეტალების გამო და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 13 მარტს დოჰას ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან ტურნირის ფარგლებში დაამარცხა შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი. ჩოგბურთელის კარიერული წარმატების დროს საზოგადოების ნაწილს დაავიწყდა ბასილაშვილის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმე, ოჯახში ძალადობის ბრალდებით ან, უბრალოდ, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. მეორე ნაწილი კი, რომელსაც ეს ახსოვდა და ჩოგბურთელის ამ გამარჯვებებით ბოლომდე ბედნიერი ვერ დარჩა, სიძულვილის ტალღა დაატყდა თავს.

ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველები იძულებულნი გახდნენ, საქმის ირგვლივ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ გაესაჯაროებინათ ინფორმაცია, რის გამოც საზოგადოების აგრესიის მსხვერპლნი თავად ქალი უფლებადამცველებიც გახდნენ.

ნელი დოროყაშვილის ინტერესებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტები იცავენ. „პუბლიკა“ იურისტ ანა აბაშიძეს ესაუბრა. ანა აბაშიძემ ქონებრივ დავაში არსებული ყველა დოკუმენტი გვაჩვენა და მიმდინარე სასამართლო პროცესზეც გვესაუბრა.

ქონებრივი დავა და ალიმენტი

„რაც ისინი განქორწინდნენ, პრაქტიკულად, არანაირი ვალდებულების შესრულება ბავშვზე ზრუნვის ნაწილში ბასილაშვილს არ აუღია. ბავშვზე არ ზრუნავდა. დაუბლოკა ყველა ბარათი, ე.წ. „ფემილი“ ბარათები, რითაც ნელი და ბავშვი თავს ირჩენდნენ. ერთ დღესაც ბასილაშვილმა აბსოლუტურად ყველა წყარო გადაკეტა. საქმეში არსებობს  მიმოწერა და, ასევე, „ვოისმესიჯები“, რომელშიც ემუქრება ნელის, რომ ნულზე დატოვებს მას და მის შვილს“, – გვიყვება ანა აბაშიძე.

მანამდე, ცოტა უფრო ადრე, როგორც ანა აბაშიძე ამბობს, ბასილაშვილმა დაიწყო საერთო ქონების გასხვისება, ნელი დოროყაშვილის დაუკითხავად. ჯერ კიდევ განქორწინებამდე. იურისტის თქმით,  მან საერთო ქონების დაახლოებით 50%  გაასხვისა, მათ შორის, ოჯახის წევრებზე და ამას იმიტომ აკეთებდა, რომ  უნდოდა, ქონება თანასაკუთრებიდან გამოეყო. სწორედ ამის გამო მიმართა ნელი დოროყაშვილმა სასამართლოს, რომ დაეცვა საერთო ქონებიდან საკუთარი წილი.

„მათი ქორწინების მომენტში, 2013 წელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არა თუ სახლი ან მანქანა, არაფერი არ გააჩნდა. ამიტომ ჭორები იმის შესახებ, რომ ნელი დოროყაშვილი მას ფულის გამო გაჰყვა, უბრალოდ, ქალის დისკრედიტაციის ფაქტია. შეგვიძლია, შევამომოთ, თავის სახელზე ბასილაშვილს არაფერი  არ ჰქონდა. ისინი ცხოვრობდნენ ბასილაშვილის მშობლების სახლში. ქონება, რომელიც ახლა აქვს, არის თანასაკუთრება, რადგან თანაცხოვრების დროს დაგროვდა. კანონი გვეუბნება, რომ ეს არის თანასაკუთრება და უნდა გაიყოს შუაზე“, – ამბობს იურისტი.

სასამართლოსადმი მიმართვის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაიწყო მოლაპარაკება ნელი დოროყაშვილთან საერთო ქონების გაყოფაზე სასამართლოს გარეშე, ანუ მორიგების აქტი უნდა შემდგარიყო და ამით დასრულებულიყო დავა.

ანა აბაშიძე ამბობს, რომ ნელი დოროყაშვილის ინტერესი არ იყო დავა, ამიტომ ის წავიდა მოლაპარაკებაზე. ბასილაშვილის დაცვის მხარე კი ამბობს, რომ პირიქით, ნიკოლოზ ბასილაშვილს არ სურდა სასამართლოში საქმის გარჩევა, ამიტომ მივიდა საქმე მედიაციამდე.

იურისტი გვაჩვენებს შეთანხმების დოკუმენტს, რომელშიც აღწერილია, რა ქონება გაიყო ცოლ-ქმარს შორის. თანასაკუთრების გაყოფის შემდეგ ნელი დოროყაშვილს დარჩა სახლი ჭავჭავაძის გამზირზე, რაც ანა აბაშიძის თქმით, შეძენის მომენტიდანვე ნელი დოროყაშვილის სახელზე იყო ისედაც გაფორმებული. ასევე, კომერციული ფართი. რაც შეეხება მეორე ბინას, ქობულეთის ქუჩაზე არსებულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ის იქნებოდა მხოლოდ ბავშვის საკუთრება, მის სახელზე გაფორმდებოდა და სანამ სრულწლოვანი გახდებოდა, ბინის გაქირავების შედეგად მიღებული თანხა ბავშვისთვის განკუთვნილ სპეციალურ ანგარიშზე დაგროვდებოდა. ამას მოჰყვა ჩუქების ხელშეკრულება, ნოტარიულად დამოწმებული, რომელსაც ხელს აწერს ნიკოლოზ ბასილაშვილი. ასევე, ქონების გაყოფის შედეგად, ნელი დოროყაშვილს დარჩა ფულადი ქონებიდან 100 000 დოლარი, რომლის ნაწილიც მალევე გადაურიცხა ბასილაშვილმა, ნაწილი, 85 000 დოლარი კი – 2021 წლის იანვარში. ამას ადასტურებს ბასილაშვილის დაცვის მხარეც.

„ყველა ის ქონება, რასაც ედავებიან – სახლი, კომერციული ფართი და ა.შ. ეს ყველაფერი არის სასამართლოს ფარგლებში შეთანხმებით განაწილებული საერთო საკუთრებიდან წილი. ეს არ არის ჩუქება. არ არის კეთილი ნება ვინმესი. ეს კანონიერი უფლება იყო და კანონიერად კუთვნილი ქონება ნელი დოროყაშვილის. ნელი დოროყაშვილმა დათმო თავისი წილი ქონების, პრაქტიკულად, 80% და საერთოდ არ უდავია.  უთხრა, რომ ყოფილიყო მისი. ამასთან, დამატებით ყველა უძრავი ნივთი, ძალიან ძვირადღირებული ნივთები (პირადი,  მათ შორის), წაიღო ბასილაშვილმა. ნელი დოროყაშვილმა უთხრა, რომ არ უნდოდა ამაზე დავა და გაატანა“, – ამბობს ანა აბაშიძე.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა მედიასთან ამბობს, რომ ამ შეთანხმების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელზე რიცხული მთელი ქონება გადავიდა ნელი დოროყაშვილის სახელზე – დაახლოებით 3 მილიონი ლარის ქონება, თუმცა, კონკრეტულად, ჭავჭავაძის სახლისა და კომერციული ფართისა გარდა, სხვა უძრავ ქონებას არ ასახელებს.

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე გვეუბნება, რომ ქონებრივ დავაში მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ბინის ჩუქების ნაწილი. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ, ნატალია ნაჭყებიამ, რომელსაც ბასილაშვილის გენერალური მინდობილობა ჰქონდა და მას წარმოადგენდა, განცხადებით მიმართა რეესტრს, ბავშვისთვის ქონების დასარეგისტრირებლად, თუმცა რამდენიმე დღეში თავადვე მიმართა რეესტრს, შეეწყვიტათ რეგისტრაცია.

„რეესტრმა შეაჩერა რეგისტრაცია. რა მოხდა შუალედში ისეთი, რის გამოც შეწყვიტა ბასილაშვილმა შვილისთვის ბინის რეგისტრაციის პროცესი? ჩუქების ხელშეკრულებიდან ამ განცხადებამდე შუალედში შსს-მ გამოსცა ორდერი ბასილაშვილის დედის, ნატალია ნაჭყებიას წინააღმდეგ, რომ ის ძალადობდა ბავშვზე.  მერე ეს ორდერი სასამართლომ ძალაში დატოვა.

ამ ორდერის გამო, ბასილაშვილის ადვოკატი უკავშირდება დოროყაშვილის ადვოკატს და ემუქრება პირდაპირ, რომ ორდერის გამოცემის გამო, ნახავთ, რა გელოდებათ – ბინა აღარ გექნებათ, ბავშვს გამოვართმევთ ამ ბინას. ეს ბინა ახლა დავის საგანია, რადგან დაირღვა ჩუქების ხელშეკრულება და ამ წუთას საქმეს ჰქვია ასე  – ლუკასი ბასილაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ. სასამართლოში მიდის დავა, ბავშვი ედავება მამას ხელშეკრულების დარღვევაზე“, – ამბობს ანა აბაშიძე.

ამას არ უარყოფს არც ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა. მან „იმედის“ ეთერში თქვა, რომ ნამდვილად აჩუქა ეს ბინა შვილს ბასილაშვილმა, მაგრამ მას მერე, რაც დედამისის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი ბასილაშვილმა გადაწყვიტა, რომ 18 წლის როცა გახდება მისი შვილი, უშუალოდ მაშინ აჩუქოს ბინა.

რაც შეეხება ალიმენტს,  ანა აბაშიძე ამბობს, რომ სამედიატორო შეთანხმების პირველი პუნქტი ეხება ალიმენტს. როგორც დოკუმენტში წერია, მხარეები თანხმდებიან, რომ ბავშვზე იზრუნებენ თანაბრად, ყველა ხარჯს, რაც ბავშვს სჭირდება, აანაზღაურებენ თანაბრად.

იურისტის თქმით, შეთანხმებიდან ალიმენტის ნაწილი დაირღვა, რადგან ბასილაშვილს ჯამში სულ 3 600 ლარი აქვს გადარიცხული შვილისთვის და ამის შემდეგ წელიწად-ნახევარია მისგან არაფერი მიუღია. ის ამბობს, რომ სამედიატორო შეთანხმება დაირღვა ორივე ნაწილში – ალიმენტისა და სახლის ჩუქების.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნიკოლოზ ბასილაშვილს დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა.  გარდა ამისა, ის ამბობს, რომ თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით ნიკოლოზ ბასილაშვილს შვილისთვის 7 500 ლარი აქვს გადარიცხული.

ანა აბაშიძის თქმით, ალიმენტს არ სჭირდება სასამართლო გადაწყვეტილება. ეს კანონიერი ვალდებულებაა მშობლის. ამის შესახებ ასევე ეწერა შეთანხმების დოკუმენტში.

„ალიმენტი არის კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულება. მშობელმა უნდა გადაიხადოს და იზრუნოს შვილზე, ამას არ სჭირდება სასამართლო გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილება მაშინ სჭირდება, როდესაც ადამიანები უარს ამბობენ და თავს არიდებენ მოვალეობას. უბრალოდ, სასამართლო არის ალიმენტის ძალით აღსრულების მექანიზმი. ამიტომ, როდესაც ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს არ დაუვალებია ალიმენტი, ტყუის, რადგან კანონმა დაავალა მას ალიმენტის გადახდა იმ წამიდან, რა წამსაც შვილი შეეძინა“, – ამბობს ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველი.

სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული ბასილაშვილი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის  126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.

ანა აბაშიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს რამდენიმე ეპიზოდში ედავება, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაში. მისი თქმით, აღნიშნულის ამსახველი მტკიცებულებები საქმეში ძალიან ბევრია. საქმეს ორი დაზარალებული ჰყავს – დედა და შვილი.

იურისტის თქმით, მეორე მხარის მთავარი იარაღი მხოლოდ ნელი დოროყაშვილის დისკრედიტაციაა, რადგან სამართლებრივ ნაწილში ძალიან უჭირთ. ის ხაზს უსვამს, რომ ამას ადასტურებს გამოწერილი ორდერები. ოჯახის სამ წევრზე არის გამოწერილი ორდერი ორი მსხვერპლის მიმართ. სულ – 6 ორდერი. ორდერები ბასილაშვილის ადვოკატებმა გაასაჩივრეს სასამართლოში. ანა აბაშიძის თქმით, 18-საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, სადაც ბევრი მოწმე გამოიკითხა და გადამოწმდა მტკიცებულებები, მოსამართლემ ძალაში დატოვა გამოწერილი ორდერები.

„სასამართლოშია უკვე საქმე, სადაც წარდგენილია ყველა მტკიცებულება – არის ვიდეომასალა, აუდიომასალა, მიმოწერები, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ტანჯვა მტკიცდება. ძალიან იშვიათია რომელიმე საქმე, რომელშიც ნახავთ ასეთ მრავალფეროვან მტკიცებულებებს,“ – ამბობს ანა აბაშიძე.

მისი თქმით, წინასასამართლო სხდომაზე ყველა მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარემ წარადგინა, მოსამართლემ დასაშვებად ცნო.

„სამართალთან ბასილაშვილი ზუსტად ისეთივე ადამიანია, როგორც სხვა. ის თანასწორია სამართლის წინაშე. ამიტომ მეორე მხარემ იფიქრა, ხომ არ მოვძებნოთ უსამართლო ტრიბუნა, სადაც ბასილაშვილი თანასწორი არაა და ნელი არის არაფერი, როგორც ქალი და როგორც მსხვერპლი. შემთხვევით იქითა ტრიბუნა ხომ არ არის ჩვენთვის მომგებიანი. თან ამას დაემთხვა გამარჯვებაც. დაიწყეს გამოწვევა. ერთი მხრივ, დაიწყეს ცრუ ინფორმაციის გავრცელება, მეორე მხრივ, დაიწყეს გულის ამაჩუყებელი კამპანია გმირის შესახებ. ამ ყველაფერში კი ჩვენ აგვიკრძალეს სიტყვა,“ – ამბობს ანა აბაშიძე.

იურისტი გვეუბნება, რომ სასამართლო სხდომა რამდენჯერმე გადაიდო, ნიკოლოზ ბასილაშვილის მოუცლელობის გამო. მისი თქმით, ეს გაჭიანურებული მართლმსაჯულება, პირველ რიგში, მსხვერპლისთვისაა. მას იმედი აქვს, რომ მომდევნო სხდომები აღარ გადაიდება. საქმის არსებითი განხილვის პირველი სასამართლო სხდომა 19 მარტს უნდა გაიმართოს.

ანა აბაშიძემ დღეს ასევე მიმართა ნიკოლოზ ბასილაშვილის დაცვის მხარეს დაეთანხმონ ამ საქმის მასალების გასაჯაროებას.

„ჩვენ რომ არაეთიკურები ვიყოთ, დღეს მედიაში იქნებოდა ბევრი მასალა, რომელიც ჩვენ ამოგვასუნთქებდა. ეს არ ვიკადრეთ და არ ვიკადრებთ, ოღონდ ვართ უკვე ისეთ პოზიციაში, თითქოს ჩვენ ვიტყუებით. პირდაპირ ვეუბნები, კანონი ითხოვს თქვენს თანხმობას, რომ მე გამოვაქვეყნო საქმის მასალები, მათ შორის ისეთი მასალები, რომელიც ხალხს აჩვენებს როგორი მოძალადეა ნიკოლოზ ბასილაშვილი. საჯაროდ გთხოვთ დამეთანხმოთ, მომცეთ ნება გავასაჯაროვო სისხლის სამართლის მასალები. თუ თქვენ ამ თანხმობას საჯაროდ არ მეტყვით, გასაგები იქნება რას ერიდებით,“ – თქვა მან დღეს „იმედის“ ეთერში.

ქალი უფლებადამცველები, როგორც სამიზნე

იურისტი ამბობს, რომ ნელი დოროყაშვილი მუდმივად საფრთხეს გრძნობს და ცდილობს, საჯაროდ ნაკლებად გამოჩნდეს, რადგან, როგორც გვიყვება, ორი დღის წინ იცნო ვიღაც კაცმა ქუჩაში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შეურაცხყოფა, როგორც საქმეში დაზარალებული ნელი დოროყაშვილის, ისე მისი უფლებადამცველების მიმართ, გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირში გაიმარჯვა. განსაკუთრებით სოციალური ქსელები ბასილაშვილის ყოფილი ცოლის მისამართით სიძულვილის ენის, აგრესიის, დისკრიმინაციული შეფასებებისა და შეურაცხმყოფელი კომენტარების სივრცედ იქცა.

„ვიცით საქმის დეტალები. ვიცით, რომ ჩადენილია, მინიმუმ, ოჯახში ძალადობა. ეს მარტო მე არ ვიცი, არამედ ორდერების საფუძველზე მიმდინარეობს უკვე სასამართლო პროცესები. ამის ფონზე რომ არ ვაღიარებ გმირად და ვამბობ, რომ ეს ადამიანი ოჯახში მოძალადეა,  წამოვიდა მთელი მრისხანება ჩვენზე, როგორ გავბედეთ და თანაგანცდა გამოვხატეთ მსხვერპლის მიმართ, სულ მცირე, თანაგანცდა. ახლა მხოლოდ ნელი დოროყაშვილი აღარაა პრობლემა, არამედ პრობლემა ვართ ჩვენ, ყველა ფემინისტი. ცალკე სამიზნე, რომ უნდა გაგვანადგურონ“, – ამბობს ანა აბაშიძე.

აბაშიძის თქმით, ამ პროცესში მხოლოდ ისევ ქალი უფლებადამცველების სოლიდარობასა და მხარდაჭერას გრძნობენ, როდესაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა, უწყებებმა, სულ მცირე, ის მაინც თქვან, რომ ეს არასწორია – ბულინგი, მტრული გარემო და რომ უფლებადამცველები თავიანთ საქმეს აკეთებენ.

იურისტი ამბობს, რომ, პრაქტიკულად, ყველა დუმს და მიშვებულია სიძულვილი. ის ხაზს უსვამს, რომ მისი პროფესია დაცულია კონსტიტუციით და რაც ხდება, პირდაპირ საქმიანობაში ხელშეშლას ნიშნავს.

„მე ვერავინ მეტყვის, რომ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე, ვერავინ მეტყვის, რომ უსაფუძვლოდ რამე ვთქვი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არის აგრესიის ძალიან დიდი ტალღა ჩემ მიმართ, ანუ გამოდის, მე მეუბნებიან, არ იმუშაოო.  ეს არის ერთმნიშვნელოვნად პროფესიული საქმიანობის აკრძალვა ხალხისგან. იმ ხარისხის წნეხია, ქუჩაში გასვლის რომ გეშინია, არ გიცნონ. სახლიდან როცა გავდივარ, სულ უკან ვიხედები, ვამოწმებ მანქანას, სანამ ჩავჯდები. პირველი ტალღა როდესაც იყო და დასახელდა ეს საქმე, ქუჩაში მაჩერებდნენ და მლანძღავდნენ, აქ ჩვენს ოფისთან პომიდვრები დამიშინეს, სართულებიდან“, – ჰყვება ანა აბაშიძე.

ის ხაზს უსვამს, რომ გაეროს რეზოლუცია, რომელიც პირდაპირ ეხება ქალ უფლებადამცველებს, აჩვენებს, რომ სერიოზული გამოწვევაა მათი მდგომარეობის მხრივ.

„ერთადერთი იმედი გვაქვს ჩვენი კოლეგების, რომლებმაც მხარდაჭერა გამოგვიცხადეს და მედიების, რომლებიც ამას კარგად აშუქებენ. იმედი მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებიც შეამჩნევენ და იტყვიან ხმამაღლა“, – ამბობს იურისტი.

გუშინ გაეროს სააგენტოების ჯგუფმა საქართველოში ქალთა უფლებების დამცველებისა და მათი საქმიანობის მხარდასაჭერად განცხადება გაავრცელეს.  ისინი მოუწოდებენ მთავრობას, გადადგას სათანადო და მტკიცე ნაბიჯები ქალი უფლებადამცველების უსაფრთხო საქმიანობისთვის.

სოლიდარობა გამოხატა ქალი უფლებადამცველების მიმართ და განცხადება გაავრცელა ISFED-მაც. „ქალ უფლებადამცველებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ გენდერული თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობისთვის მიმდინარე ბრძოლის პროცესში, რაც საზოგადოებაში დისკრიმინაციის, ძალადობისა და განსხვავებული მოპყრობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.