5-6 ივლისის საქმეზე „პუბლიკის" ვიდეოები ბრალდებულთა წინააღმდეგ მტკიცებულებად იყო გამოყენებული

პუბლიკა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) 5-6 ივლისის საქმეების სასამართლო მონიტორინგის ანგარიშში ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორი პირების დაუსჯელობაზე საუბრობს.

დოკუმენტში, რომელიც ძალადობაში მონაწილე პირების სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო განხილვებზე დაკვირვების შედეგების შეფასებას შეიცავს, აღნიშნულია, რომ სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არაერთი მტკიცებულება ადასტურებდა საქმეებში ორგანიზატორის/ხელმძღვანელის არსებობას, ასევე 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების სავარაუდო ორგანიზატორების არსებობას ადასტურებდნენ მოწმეებიც.

DRI ამბობს, რომ სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას ბრალდების მხარემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა ონლაინ მედია „პუბლიკას“ ორი სიუჟეტი – „5 ივლისის ორგანიზება“  და „სირცხვილიას“ ოფისსა და ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის ქრონოლოგია.

ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ ზემოაღნიშნული სიუჟეტები ბრალდებულების ორგანიზებულ დანაშაულში სავარაუდო მონაწილეობის დადასტურების მიზნით წარმოადგინა, აღნიშნული მტკიცებულებებით დანაშაულის ორგანიზატორი პირების იდენტიფიცირებაც იყო შესაძლებელი.

მოსამართლე ნინო ელეიშვილის გადაწყვეტილება ლაშქარავა-ბაღათურიას საქმეზე

„მოსამართლე ნინო ელიეშვილის მიერ 2022 წლის 4 აპრილს მიღებული განაჩენის სამართლებრივი შეფასების ნაწილში ხაზგასმულია, რომ „სწორედ „თბილისი პრაიდის“ აქციის მონაწილეთა საწინააღმდეგოდ, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, ორგანიზებულ იქნა ჯგუფური ძალადობა, […] აქციის მონაწილეთა მხრიდან იყო ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოწოდებები, მათი დევნის, ფიზიკური ანგარიშსწორების და ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, რაც ბრალდებულების და მათი სხვა თანამზრახველი პირების მიერ სისრულეში იქნა მოყვანილი“.

მოსამართლემ ყურადღება გაამახვილა ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტზე, რომელშიც „ნათლად ჩანს 2021 წლის 5 ივლისამდე განვითარებული მოვლენები, სხვადასხვა პირთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მოქმედებები 5 ივლისს განსავითარებელ მოვლენებთან და დასაგეგმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, […]. შემდგომი მოვლენები 5 ივლისს განვითარდა ისე, როგორც მანამდე იყო ახსნილი სიუჟეტში. გამამტყუნებელი განაჩენის მიხედვით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერში ნათლად ისმის და ეს ასახულია ასევე სიუჟეტშიც, რომ „სირცხვილიას“ ოფისისკენ რამდენიმე ასეული ადამიანი უნდა წავიდეს, რადგან იქ შეკრებილი არიან „ლგბტ“ თემის წარმომადგენლები და მათი დამცველები.

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე შესაძლებელი იყო სიუჟეტში ასახული პირების იდენტიფიცირება, მხოლოდ ორგანიზატორების არსებობის შესახებ მიუთითა“, – ამბობს DRI.

5 ივლისის საქმეებზე მიღებულ განაჩენებს შორის მხოლოდ ლაშქარავას და ბაღათურიას ეპიზოდში დადგინდა ექვსივე მსჯავრდებულის მიმართ ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა.

„ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ეპიზოდში 6 ბრალდებული იყო: დავით კუტალაძე, თორნიკე დავლაშერიძე, გია გიგუაშვილი, ცოტნე ჩიხლაძე, ოთარ გელაშვილი და აკაკი ნაკაშიძე.

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, დავით კუტალაძე, გია გიგუაშვილი და ოთარ გელაშვილი დამნაშავეებად ცნო ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობაში, ასევე, დევნასა (ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, რაც ჩადენილი იყო ძალადობის მუქარით.

რაც შეეხება ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდში ჯანმრთელობის დაზიანებაზე წარდგენილ ბრალს, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, დავით კუტალაძე, გია გიგუაშვილი და ოთარ გელაშვილი დამნაშავედ იქნენ ცნობილნი დამამძიმებელ გარემოებებში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

ამისთვის მათ სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

ცოტნე ჩიხლაძის თავდაპირველი ბრალი – დამამძიმებელ გარემოებებში (მსხვერპლის სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ჯგუფურად) ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გადაკვალიფიცირდა ძალადობად, რადგან ბრალდების მხარეს დაზარალებული ილია თვალიაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსთვის არ წარუდგენია.