გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორი დღეს კიევში შეხვედრებს გამართავს

პუბლიკა

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ მარიანო გროსი ამბობს, რომ დღეს კიევში ჩადის და მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს.

„მივდივართ კიევში მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. ბირთვული უსაფრთხოებისა და ზაპორიჟიიის ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხო ზონის საჭიროება ახლა ისე სასწრაფოა, როგორც არასდროს“, – წერს Twitter-ზე გროსი.

ზაპორიჟიის ოლქის ანექსიის გამოცხადების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ატომური ელექტროსადგურის რუსეთის ენერგოსისტემაში გადართვის განკარგულება გამოსცა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთისთვის მუშაობა მოსთხოვეს სადგურზე მომუშავე პერსონალსაც, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფრონტზე გაგზავნით დაემუქრნენ. სადგური კვლავ შეფერხებებით მუშაობს, რამდენიმე დღის წინ კი შენობას საარტილერიო ჭურვები კიდევ ერთხელ მოხვდა.

IAEA-ის გენერალური დირექტორი კიევის შემდეგ მოსკოვშიც ჩავა. შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხო ზონის შექმნა იქნება.