რაზეც ისინი საუბრობენ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის არათუ 100%, არამედ 50%-იც არ არის - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ აშშ-ის ელჩს თავს მხოლოდ ნიკა გვარამია და ნიკა მელია დაესხნენ, „ოცნებიდან“ გასული დეპუტატები კი მისი მისამართით შეკითხვებს სვამდნენ, რაც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება.

კობახიძისვე თქმით, რომ მიაჩნდეს, რომ „ხალხის ძალის“ წევრები თავს ესხმიან ელჩს და აზიანებენ შტატებთან ურთიერთობას, მათ გაემიჯნებოდა.

„თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორი აშშ-ის ელჩზე, გვარამიას და მელიას შესრულებით. რაც შეეხება გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებს, ამის უფლება აქვს ნებისმიერ პოლიტიკოსს, მათ შორის, უმრავლესობაში შემავალ პოლიტიკოსებსაც. ჩვენ ვამაყობთ გამოხატვის თავისუფლებით, ერთ-ერთი კონსტიტუციური, ძირითად უფლებაა.

რამე კითხვის დასმა, როდესაც ფასდება თავდასხმად, ან მერე პასუხზე არგაცემის ინტერპრეტაცია ფასდება თავდასხმად, ეს არის თავისთავად თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე. როდესაც ადამიანი სვამს კითხვებს, ვერ იღებს პასუხებს, შემდეგ ცდილობს, განმარტოს ეს მოცემულობა, ეს არის გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არის საზოგადოებისთვის საინტერესო უამრავი ინფორმაცია, რომელთა გასაჯაროებას არ აპირებენ, რადგან უფრთხილდებიან შტატებთან ურთიერთობას.

შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ასეთი ინფორმაცია „ხალხის ძალის“ წევრებმა გაასაჯაროონ, კობახიძე ამბობს, რომ არ იცის, ისინი „რას გამოიტანენ და რას არა“.

„მე შემიძლია გითხრათ, რომ რაზეც ისინი საუბრობენ, არ არის მათ განკარგულებაში არსებული ინფორმაციის არათუ 100%, 50%-იც კი. მათ ბევრად მეტი იციან და რას იტყვიან და რას არა, არ ვიცი“, – ამბობს კობახიძე.


ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ, – ამის შესახებ შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი ჯენკინსმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ის ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

მისი განმარტებით, ეს თავდასხმები არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისა და დამალვისკენ, ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა.