„რას ერჩით ეკლესიას" - უმრავლესობის დეპუტატების „მესიჯბოქსი" ომბუდსმენის მიმართ

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშს უსმენენ.

საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა ნინო ლომჯარიას საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის საკითხზე საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ ჰკითხა.

უმრავლესობის წევრები ცდილობდნენ, წარმოეჩინათ, რომ ამ სარჩელით სახალხო დამცველი მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციას ცდილობს და რომ საქმეში სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია დაინტერესდა, რას ერჩის ნინო ლომჯარია ეკლესიას:

„რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას? და გეტყვით რატომ: 29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა გამწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ნუ ბუნებრივია გვესმის, რომ აქ იყო ტრანსკრიფციაში ეკლესიის წინააღმდეგ.

სხდომაზე ძალიან უბადრუკად გამოიყურებოდა, ეს რბილად რომ ვთქვათ, და უმწეოდ თქვენი წარმომადგენელი და პირდაპირ ბოდიშების მოხდაც მოუწია, ყველამ ვნახეთ.

გასაგებია, თქვენ აპროტესტებდით, რომ მიჩელის ნაცვლად შესაძლებელია ახალი სტანდარტი დამკვდრებულიყო, რომ ძველ აშენებულ მონასტრებს, რომლებიც ამ კანონის მიღებამდე  იყო აშენებული, მიეკუთვნათ გარკვეული პერიოდით, მოვლა-პატრონობით, ტყის გარკვეული ფართობები, გასაგებია თქვენი მოტივები, მაგრამ მაინტერესებს, რამ გაიძულათ სასწრაფო რეჟიმში, მაშინ როდესაც წინა ზაფხულში შეიტანეთ, ამხელა პერიოდი გქონდათ, მიუთითეთ, რომ იყო დაზარალებული და ამხელა პერიოდის მერე ამ ზემოხსენებული, თქვენთვის არასასიამოვნოდ გასახსენებელი,  სხდომისას თქვენ წარმომადგენელს ცივი ოფლი ასხამდა და ბოდიშს უხდიდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, იმიტომ, რომ ის იყო მოუმზადებელი და აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო, რომ ვიღაცა იყო ამ თემით დაზარალებული“, – განაცხადა ოდიშარიამ.

„ოცნებიდან“ გასული დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გამწესრიგებელ სხდომაზე ომბუდსმენის წარმომადგენელს სამართლებრივი არგუმენტი არ ჰქონდა.

„მაინტერესებს, არ მგონია, თქვენ და უწყებას არ სცოდნოდა მინიმალური ისტორია საქართველოსი, რომ ამ შემთხვევაში ეკლესია-მონასტრები ისტორიულად სწორედ მართლმადიდებლურ საპატრიარქოს და ეკლესიას გააჩნია და ამ კანონში სწორედ ეს ეწერა, რომ ისტორიულად სადაც იყო ეს ნაგებობები, იმის მიღმა თუ იყო სატყეო მიწები, მხოლოდ ამაზე იყო საუბარი.

მაშინ რა იყო მიზანი, რომ მომხდარიყო მართლმადიდებლური ეკლესიის, რომ როგორმე გეჩვენებინათ, რომ საპატრიარქოს აქვს განუზომლად დიდი უფლებები, ვიდრე ხვა კონფესიებს, როდესაც აქ ითქვა, რომ ერთი პრაქტიკული მაგალითი ვერ იყო პროცესზე მოცემული, რომლის გამოც  საკონსტიტუციო სარჩელი შევიდა.

თუ ეს სამართლებრივი მტკიცებულება არ გქონდათ, მაშინ რა იყო მიზნი, გარდა იმისა, რომ მომხდარიყო დისკრედიტაცია საქართველოს ეკლესიის“, – ამბობს ის.

„ოცნების“ წევრმა გია ცაგარეიშვილმა ნინო ლომჯარიას ჰკითხა, ხომ არ ფიქრობს, რომ სარჩელი კონკორდატის გაუქმებაზე უნდა შეიტანოს:

„ქალბატონო ნინო, გთხოვთ, ბოლომდე გულწრფელი იყოთ და იქნებ ერი და ბერიც პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით გვისმენს და დაფიქრდეთ კარგად: ამ 5 წლის მანძილზე, სანამ სახალხო დამცველი იყავით, ხომ არ გიფიქრიათ იმაზე, რომ სახელმწიფოს და ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმების წინააღმდეგ და მისი გაუქმებისთვის შეგეტანათ პირდაპირ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში? რა ბედენაა ახლა ერთ ნაკვეთზე დავა ეკლესიასთან? ხომ არ გიფიქრიათ იმაზე, რომ პირდაპირ მიგემართად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და მოგეთხოვათ კონკორდატის გაუქმება?

რას ფიქრობთ საქართველოს ეკლესიის როლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში და როგორია მისი თანამედრობე როლი ჩვენი სახელმწფიოებრიობის შენარჩუნების და ჩამოყალიბების საქმეში“, – იკითხა ცაგარეიშვილმა.

ნინო ლომჯარიამ განმარტა, რომ სასამართლოში მათი მოპასუხე პარლამენტია და არა ეკლესია, ხოლო საჩივრდება ნორმა, რომელიც, ომბუდსმენის თქმით, არღვევს რელიგიურ ორგანიზაციებს შორის თანასწორობის პრინციპს.

ლომჯარიასვე თქმით, სახალხო დამცველს აქვს კანონიერი უფლება, სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მაშინაც კი, როცა საქმეს არ ჰყავს დაზარალებული, თუმცა ირღვევა ადამიანის უფლებები.

ვრცლად: სარჩელი შეტანილი იქნა პარლამენტის წინააღმდეგ, არა საპატრიარქოს – ლომჯარია


გასაჩივრებული ნორმით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებელია, საკუთრებაში გადაეცეს ტყეთა ფართობები, თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

მოსარჩელე მხარის – სახალხო დამცველის აპარატის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი საგამონაკლისო წესი დისკრიმინაციულია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს ეწინააღმდეგება სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ტყეთა ფართობების საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.