საქართველოს ციხე-სიმაგრეები - ახალი შინაარსის მოლოდინში

პუბლიკა

ალეკო ელისაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი.  პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების”, თავმჯდომარე

ციხესიმაგრეები  ბავშვობიდან არანორმალურად მიყვარს. ზოგადად, ყველაფერი მიყვარს, ჩვენ წარსულს რაც უკავშირდება, მაგრამ ციხესიმაგრეები და ჩვენი საფორტიფიკაციო მემკვიდრეობა ჩემი განსაკუთრებული ვნება, განსაკუთრებული გატაცება და სულ სხვაგვარი სიყვარულია.

ბავშვობაში ექსკურსიებზე როდესაც დავყავდით, ციხესიმაგრეები, კოშკები, გალავნები, ციხე-დარბაზები იყო ის, რასაც შევციცინებდი, ვუღიმოდი, გულმოდგინედ ვათვალიერებდი და აღტაცებული დავძვრებოდი ხოლმე მათზე. ასევე, სანამ თვალს არ მოეფარებოდა, კისრის მოღრეცამდე ვუყურებდი მანქანით ან მატარებლით მგზავრობისას ძირითადად ჩვენს მთებსა და გორაკებზე შეფენილ ციხესიმაგრეებსა და კოშკებს.

ასაკთან ერთად ქართული ფორტიფიკაციის შესწავლა უფრო სერიოზულად დავიწყე. ჯერ ამ თემაზე არსებულ არცთუ დიდ ლიტერატურას ჩავუჯექი. ძირითადად, ამ საკითხის მკვლევარი ისტორიკოსი პარმენ ზაქარაია იყო. შემდეგ ახალი გასართობი და საკვლევი მოვიფიქრე. კვირის განმავლობაში ვსწავლობდი ვახუშტი ბატონიშვილის მიერ თავის გეოგრაფიაში აღწერილ სიმაგრეებს; ვადარებდი მათ საბჭოთა სამხედრო და თანამედროვე რუკებს და კვირის ბოლოს ზურგჩანთითა და კარვით დავდიოდი ხეობებსა და მთებში; ვეძებდი ძველ და მივიწყებულ კოშკებსა და გალავნებს. 

განსაკუთრებით შევისწავლე ქვემო ქართლის სიმაგრეები და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ამ რეგიონში აბსოლუტურად ყველა ციხე, კოშკი და ციხე-დარბაზი მაქვს ნანახი და შესწავლილი. 

რა თქმა უნდა, ამ გატაცებამ, ანუ ჰობიმ ბევრ რამეზე სერიოზულად დამაფიქრა. პირველ რიგში იმაზე, რომ გვაქვს უზარმაზარი სასიმაგრო ანუ საფორტიფიკაციო მემკვიდრეობა. ალბათ, არც მოიძებნება დედამიწაზე ტერიტორიულად ასეთი მცირე ქვეყანა, სადაც ამდენი სიმაგრე და კოშკია აგებული და მეორე და გულსაკლავი – ყველა სასიმაგრო ნაგებობა უმძიმეს მდგომარეობაშია: ჩამონგრეული, განადგურების პირას, ჩვენდა სამარცხვინოდ, ბევრი მათგანი ნაგვითა და ეკალ-ბარდებით სავსე. 

ხერთვისის ციხე

ყოველ ჯერზე თითოეული ასეთი ძეგლის ნახვის დროს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხალხზე ვბრაზდებოდი – ასეთ დღეში რომ აგდებენ სიმაგრეებს და მეორე, ვბრაზობდი სახელმწიფოზე, აქამდე რომ მიიყვანა ყველა ნაგებობა. ბრაზისა და წყენის შემდეგ დავინტერესდი, როგორ უვლიან ციხესიმაგრეებს, მაგალითად, ევროპაში – ვის საკუთრებაშია ესა თუ ის სიმაგრე, კოშკი, ციხე-დარბაზი ან გალავანი. რა უფლებამოსილება აქვს სახელმწიფოს, როგორ მართავენ? როგორაა ფუნქციურად დატვირთული ისინი – და ეს ყველაფერი შემედარებინა ჩვენი რეალობისთვის. 

ჯერ ისე, ჩემი ცნობისმოყვარეობის გასახარებლად და ცოდნის შესავსებად ჩავუჯექი ამ საქმეს. საკმაოდ საყურადღებო დასკვნებამდე რომ მივედი, გადავწყვიტე, უფრო სერიოზული სახე მიმეცა ამ საქმისთვის და საქმეში პარლამენტი ჩავრთე. 

პარლამენტში არსებობს ასეთი ახალ დამკვიდრებული პრაქტიკა – თემატური მოკვლევა. ამა თუ იმ საკითხზე, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში იქმნება ჯგუფი, რომელშიც დეპუტატებთან ერთად ერთვებიან დარგის მოწვეული სპეციალისტები და რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად დგება პრობლემის აღწერა და გამოსავალი, რომელიც რეკომენდაციების სახით გადაეცემა მთავრობას. 

ჩემს შემთხვევაში კულტურის კომიტეტში შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლობასთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ავიყვანეთ საქმეში ღრმად ჩახედული სპეციალისტი – თათია ღვინერია. 

ორი სიტყვით აღვწერ ჩვენ მიერ გაწეულ შრომას – შევიმუშავეთ თემატური კითხვარი, რომელიც დაეგზავნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, არასამთავრობო ორგანიზაციას, მუნიციპალიტეტებს. მიღებული პასუხების საფუძველზე მოვიწვიეთ მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და დეტალურად ვიმსჯელეთ მათთან ერთად. ასევე, პარლამენტის კვლევითი ცენტრის დახმარებით გამოვითხოვეთ საერთაშორისო გამოცდილება ამა თუ იმ ევროპულ, თუ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არსებული გამოცდილების შესახებ. გავმართეთ პირველადი შედეგების პრეზენტაცია ასპინძის რაიონში, ხერთვისის ციხესთან. ახლა შემაჯამებელი ფოტოგამოფენა და საბოლოო პრეზენტაცია გვექნება და შემდეგ რეკომენდაციები განსახილველად გადაეგზავნება მთავრობას. 

ბურმახევი. ფოტო: გურამ ხარშილაძე

მანამდე კი წინმსწრებად მოგახსენებთ, თუ რა დასკვნამდე მივედით. ეგრევე ვიტყვი – ახლა რა აზრზეც ვარ, ეს ჩემთვის დაახლოებით 10 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, მკრეხელობად მივიჩნევდი, ავყვირდებოდი და დავგმობდი. მაგალითად, ზუსტად მკრეხელობა მეგონა წინანდლის ჭავჭავაძისეული მამულის იჯარით, მმართველობაში გადაცემა  კერძო კომპანიისთვის. ავყვირდი და აღვშფოთდი კიდეც. მაშინ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ვიყავი და გადაცემას გადაცემაზე ვუძღვნიდი ამ „მკრეხელობას“. შემდეგ კიდევ ერთი „მკრეხელობა“ შევიტყვე – მუხრანის მამულის ასევე კერძო მფლობელობაში გადაცემა. ამ ამბავმა უფრო ნაკლებად აღმაშფოთა, ვინაიდან წინანდალში რა პროცესებიც მიმდინარეობდა და როგორაც ხდებოდა მემკვიდრეობის მართვა-განვითარება, დამაფიქრა და ჩემს წინანდელ პოზიციაზე კრიტიკული თვალით შემახედა.

მოკლედ რომ ვთქვა, წინანდლისა და შატო მუხრანის მაგალითებმა თანდათან დამარწმუნა, რომ კერძო მფლობელობაში ან იჯარით გადაცემა სულაც არ ყოფილა მკრეხელობა და თუ სახელმწიფო გონივრულ და მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს და გააკონტროლებს კულტურული მემკვიდრეობის მართვას, პირიქით, ძალიანაც კარგი იქნება. 

ჰოდა, დავფიქრდი, რატომ არ შეიძლება განადგურების პირას მდგომი და ნაგვით სავსე ციხესიმაგრეებიც გადაეცეთ იჯარით და მკაცრი პირობებით კერძო პირებს? რა მოხდება, რომ ახალი შინაარსითა და ფუნქციით დაიტვირთოს ციხესიმაგრეები და, ზოგადად, ქართული საფორტიფიკაციო მემკვიდრეობა? მოდით, უცბად გადავავლოთ თვალი რამდენიმე ფაქტს: ჯერ შედარებისთვის – ესტონეთში სულ 15 ციხესიმაგრეა, საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს აღწერის მიხედვით კი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით ჩვენს ქვეყანაში 3088 (სამიათას ოთხმოცდარვა) საფორტიფიკაციო ნაგებობაა რეგისტრირებული. დიახ, დიახ – ესტონეთში 15 და ჩვენთან 3 088. 

ესტონეთში ნაწილი სიმაგრეების კერძო მფლობელობაშია, ნაწილი სახელმწიფოს ეკუთვნის, თუმცა თითოეული მათგანი მოვლილი, რესტავრირებული და, რაც მთავარია, ფუნქციურად დატვირთულია – ყველგან მუზეუმი ან რაიმე კულტურული სივრცეა განთავსებული. ჩვენთან კი სულ რამდენიმე ციხესიმაგრეს აქვს ფუნქცია. ესენია: თელავის ბატონის ციხე და მისი სამუზეუმო-კულტურული კომპლექსი, სენაკის ნოქალაქევის კომპლექსი, გონიოს და პეტრას ციხეები. მხოლოდ და მხოლოდ აქ შეგიძლიათ, მიხვიდეთ, დაათვალიეროთ, შეიტყოთ ამ ციხესიმაგრეთა ისტორია, საბრძოლო და სხვა თავგადასავალი, დაათვალიეროთ მუზეუმი და ასე შემდეგ. 

სხვაგან რა გვხვდება – არანაირი საინფორმაციო-შემეცნებითი წარწერა არც ერთ ციხეზე, ეკალ-ბარდები, ნაგავი, კედლებზე სხვადასხვა თაობისა და ჯურის ვანდალთა წარწერები და თავად განადგურების პირას მდგარი ნაგებობები. შეგვიძლია, კაი გულიანად ვლანძღოთ კულტურის ყველა მინისტრი (ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში უძღვებოდა ამ სფეროს საქართველოში), მათი მოადგილეებიც და ვინც გვინდა, ის, მაგრამ ფაქტია, ძალიან მდიდარიც რომ იყოს ქართული სახელმწიფო, ამ ოდენობის საფორტიფიკაციო მემკვიდრეობის რეაბილიტაცია-რესტავრაცია-რევიტალიზაციას ვერანაირი თანხა და ბიუჯეტი ვერ აუვიდოდა. არადა, მიდიხარ ევროპაში და ზოგ ციხესიმაგრეში უნივერსიტეტია, ზოგან საგამოფენო დარბაზი, ზოგან სასტუმრო და რესტორანი, ზოგან სადღესასწაულო ცენტრი და რიგია ქორწილის, ნათლობის, იუბილეს ან სულაც კორპორაციული დღესასწაულის გადახდაზე, ზოგიც უბრალოდ ყიდულობს ციხესიმაგრეს და ცხოვრობს, ვინაიდან ძალიან პრესტიჟულია ევროპის ფეოდალურ სიმაგრეში ცხოვრება.

ქვეში. ფოტო: გურამ ხარშილაძე

რატომ არ შეიძლება ქართული სიმაგრეებიც დაიტვირთოს ახალი ფუნქციით, ახალი შინაარსით – ევროპის მსგავსად ზოგან გალერეა იყოს, ზოგან სასტუმრო, ზოგან რესტორანი, ან სადღესასწაულო ცენტრი და ამ ახალ ფუნქციურ დატვირთვაში სახელმწიფოს გარდა ჩაერთოს კერძო კაპიტალი. მკრეხელობაა? წინაპართა ნაშრომ-ნაგებ-ნაბრძოლ კოშკებში რა უნდა რესტორანს – მეტყვის ვიღაც, მაგრამ აბა, რა გვირჩევნია – დანგრეულ-გავერანებული ცხრაკარას კახთა მეფეების სანადიმო სასახლე ზემო და ქვემო ალვანის თავზე? ეკალ-ბარდებში ჩაკარგული შხეფის დადიანთა რეზიდენცია ძველ სენაკში? ნოვრუზ-ბაირამის დროს საბურავებით ცეცხლის დასანთებ ადგილად გადაქცეული სახელოვანი ჭაპალას ციხე ბოლნისში თუ ქვემო ნიჩბისის უზარმაზარი ციხე-გალავანი – საქონლის საძოვარ-სასეირნოდ რომაა გადაქცეული? ეს გვირჩევნია?

მე სწორედ ასეთი მიდგომა მგონია მკრეხელობა – ჩვენ თვალწინ, ჩვენი დაუფიქრებლობით, გულგრილობითა და ვაიპატრიოტული სტერეოტიპული მიდგომით რომ მოწმენი ვართ ამ საოცარი მემკვიდრეობის განადგურების. არადა, თუკი გავბედავთ და საბჭოურ სტერეოტიპულ მიდგომას შევცვლით და არ შეგვეშინდება კერძო კაპიტალისთვის გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება, ორი დიდი რამ მოხდება. პირველი და მთავარი – ძეგლები (ციხე-ქალაქები, ციხესიმაგრეები, კოშკები, ციხე-დარბაზები) ფიზიკურად გადარჩება და მეორე ახალი შინაარსის შეძენის შემდეგ განსაკუთრებით უმუშევრობით გატანჯულ რეგიონებსა და სოფლებში უამრავი ხალხი დასაქმდება. ჯერ რესტავრაცია-აღდგენას დასჭირდება ადგილობრივი მუშახელი, შემდეგ უკვე მოქმედ სასტუმროში, კაფეში, მუზეუმში, საგამოფენო სივრცესა და სადღესასწაულო ცენტრში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ადგილობრივები დასაქმდებიან. 

რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ხელი არ უნდა დაიბანოს ძეგლებისგან და მხოლოდ კერძო მფლობელ-ინვესტორს არ უნდა შეატოვოს ისინი. მკაცრი ჩარჩოები და კონტროლის მექანიზმები უნდა გავრცელდეს თითოეულ ძეგლზე. პირიქითაც მგონია, თანდათან ყველა კერძო პირი, თუ კომპანია მიხვდება, რომ ძეგლის ღირებულება მისი სიძველე და ავთენტურობაა.  მას თუ ხელყოფს, თავის ქონებასვე დაუკარგავს ფასს. სწორედ ამას მიხვდნენ წინანდალშიც და შატო მუხრანშიც, ამიტომაც ზრუნავენ, რომ სიძველე უფრო დაცული  იყოს და წარმოჩენილი.

შინდისი. ფოტო: გურამ ხარშილაძე

აი, ეგ გვგონია ჩვენ ქართული საფორტიფიკაციო მემკვიდრეობის მომავალი და პერსპექტივა. გვიან ბრინჯაოს პერიოდიდან მოყოლებული აგერ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე ჩვენმა წინაპრებმა უამრავი დრო, ენერგია, ფული დახარჯეს და უამრავი სისხლი გაიღეს ციხესიმაგრეების ასაგებად და შემდგომ დასაცავად, რათა სწორედ მათი მეშვეობით ფიზიკურად გადარჩენილიყვნენ. ორ საუკუნეზე მეტია, ძველ სიმაგრეებს ფუნქცია დაკარგული აქვთ და ჩვენი უყურადღებობითა და გაუბედაობით ნადგურდებიან. ახლა დროა, ეს ამოდენა სიამაყე, განძი და წინაპართა დანატოვარი ახალი შინაარსით დავტვირთოთ. 

გავიმეორებ ისევ, რომ ამით, უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურად გადავარჩენთ სიმაგრეებს, ახალ ეშხს და ლაზათს მივცემთ და თან უამრავ ხალხს დავასაქმებთ მთელ საქართველოში. მეტი რაღა უნდა ქნან ჩვენთვის ამ საუკუნეების განმავლობაში საქართველოს წინაშე ვალმოხდილმა ქვიტკირის გუშაგებმა?!


*ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.