„ცალსახად გამოკვეთილია უკრაინისთვის სააკაშვილის გადაცემიის უარის თქმის საფუძველი“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
რატი ბრეგაძის განცხადებით, უკრაინის მხარეს საქართველოსთვის ოფიციალურად არ მიუმართავს სააკაშვილის დაკითხვის მიზნით უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე.
„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მსგავსი სახის ოფიციალური მოთხოვნა უკრაინის მხრიდან არ შემოსულა. ამიტომ მსგავსი სახის მსჯელობა ჩვენი მხრიდან შესაძლოა, არარელევანტურია. თუმცა აქვე გეტყვით, როდესაც მსგავსი სახის მოთხოვნა შემოდის, იქვე არის საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით [განსაზღვრული] უარის თქმის საფუძველი, იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ ქვეყანაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის წარმოება.
როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული ორ საქმეზე და დანარჩენ სამ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ, რომ მსგავსი მოთხოვნა შემოვა, იმთავითვე არის უარის თქმის საფუძველი“, – თქვა რატი ბრეგაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე – იმ შემთხვევაში, თუ უკრაინულ მხარეს გულწრფელად სურს მისი დაკითხვა, როგორია პროცედურა, შეიძლება თუ არა, რომ უკრაინიდან ჩამოვიდნენ შესაბამისი პირები? – რაზეც ბრეგაძემ უპასუხა, რომ ეს საკითხი შემდგომი მსჯელობის ტექნიკური საკითხია.
მისი თქმით, სააკაშვილის სასჯელის გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით: თუ ის მიმართავს სასამართლოს, წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას და სასამართლო დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. როგორც ეთერში იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, სააკაშვილის გარემოცვასა და ადვოკატებს მსგავსი მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ.
უკრაინაში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც სააკაშვილი მოწმის სახით უნდა დაიკითხოს. საქმე მის მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობას ეხება.
6 ოქტომბერს სააკაშვილის ადვოკატმა ვადიმ ზავორიტნიმ ტელეკომპანია „მთავართან“ განაცხადა, რომ სასამართლოს წარუდგინეს შუამდგომლობა, დასაკითხად სააკაშვილი დროებით უკრაინაში გადაიყვანონ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
ზავორიტნის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკრაინის იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა, რომელიც თავის მხრივ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეატყობინებს, ხოლო სააკაშვილის უკრაინაში დროებით გადაყვანაზე გადაწყვეტილებას თბილისში მიიღებენ.