კიევის სასამართლომ სააკაშვილის უკრაინაში დროებით გადაყვანაზე შუამდგომლობა დააკმაყოფილა - ადვოკატი

პუბლიკა

უკრაინაში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც სააკაშვილი მოწმის სახით უნდა დაიკითხოს. საქმე მის მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობას ეხება.

დღეს სააკაშვილის ადვოკატმა ვადიმ ზავორიტნიმ ტელეკომპანია „მთავართან“ განაცხადა, რომ მათ სასამართლოს წარუდგინეს შუამდგომლობა, დასაკითხად სააკაშვილი დროებით უკრაინაში გადაიყვანონ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

ზავორიტნის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკრაინის იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა, რომელიც თავის მხრივ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეაწტყობინებს. სააკაშვილის უკრაინაში დროებით გადაყვანაზე გადაწყვეტილებას თბილისში მიიღებენ.

„მე ვერ ვხედავ პრობლემას, რატომ უნდა გვითხრას უარი საქართველოს ხელისუფლებამ. თუმცა თუ ასე მოხდება, მზად ვართ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომდე წავიდეთ. არ აქვს მნიშვნელობა საუბარია ყოფილ პრეზიდენტსა თუ რიგით მოქალაქეზე, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო“, – თქვა ვადიმ ზავორიტნიმ.

დღეს კიევში მიმდინარე სასამართლო პროცესს გამოეხმაურა თავად მიხეილ სააკაშვილიც. როგორც მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესს პოლიტიკური სახე არ უნდა მიეცეს და საუბარია უბრალოდ მოწმის სტატუსით დაკითხვაზე.

„მისი თხოვნაა გამეჟღერებინა, რომ არ მიეცეს უკრაინის პროცესს ცრუ პოლიტიკური სახე. პროცესი მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ მოწმის სახით დაიკითხოს თუ არა. ისეთი კომენტარები მოისმინა ტელევიზიით, რომ მიიღებენ გადაწყვეტილებას და მოხდება სააკაშვილის გადაყვანა. მსგავსი არაფერი ხდება, ჩვეულებრივი სასამართლო პროცესია მოწმის სახით დაიკითხოს თუ არა“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, ხაჭაპურიძის თქმით, ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.