იდენტიფიცირებულია ყველა, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი - საქართველოს ბანკი

პუბლიკა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის” სანზონის ფილიალმა მუშაობა დროებით შეაჩერა. როგორც „პუბლიკას” „საქართველოს ბანკში” განუცხადეს, ქვეყანაში დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, მათი თანამშრომელია. მათი განმარტებით, აღნიშნული თანამშრომელი კლიენტებს არ ემახურებოდა.

გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიულ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, თვითმფრინავში, მეორე შემთხვევასთან  დაკავშირებით პროტოკოლის მიხედვით, უკვე მიმდინარეობს მგზავრთა შესახებ ინფორმაციის ამოღება და მათთან დაკავშირება.

მისი თქმით, ინფიცირებული პირი ასევე იმყოფებოდა სამსახურში, სადაც შემხებლობაში მყოფი პირები იდენთიფიცირებულია. მიმდინარეობს ამ ადამიანების გამოკითხვა და, საჭიროების შემთხვევაში, მათ გასინჯავენ. ქუთაისიდან თბილისის გზაზე კი შემხებლობაში მყოფ პირთა რაოდენობა 7-ია. ამირან გამყრელიძის თქმით, ასევე, მიმდინარეობს მათი გამოკითხვა.