გამყრელიძის თქმით, ინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი 20-მდე პირი უკვე იდენტიფიცირებულია

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული პირი 31 წლის ქალია, რომელიც 26 თებერვალს იტალიიდან ქუთაისში ჩამოფრინდა.

ჩამოფრენისას მას სიმპტომები არ ჰქონდა, 27-ში დაეწყო ჩივილი და თვითდინებით მივიდა ინფექციურ საავადმყოფოში.  ექიმების თქმით, ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია და ის რისკჯგუფში არ იმყოფება.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს და ჰკითხა, რას აკეთებს ცენტრი შემხებლობაში მყოფი პირების დასადგენად.

მისი თქმით, თვითმფრინავში, პროტოკოლის მიხედვით, უკვე მიმდინარეობს მგზავრთა შესახებ ინფორმაციის ამოღება და მათთან დაკავშირება. ინფიცირებული პირი ასევე იმყოფებოდა სამსახურში, სადაც შემხებლობაში მყოფი პირები იდენთიფიცირებულია . მიმდინარეობს ამ ადამიანების გამოკითხვა და, საჭიროების შემთხვევაში, მათ გასინჯავენ. ქუთაისიდან თბილისის გზაზე კი შემხებლობაში მყოფ პირთა რაოდენობა 7-ია. ამირან გამყრელიძის თქმით, ასევე, მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. გამყრელიძის თქმით,  ჯამში ნფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი 20-მდე პირი უკვე იდენტიფიცირებულია.

შემხებლობაში მყოფი ყველა პირის დადგენას, ამირან გამყრელიძის თქმით, სავარაუდოდ, 2-3 დღე დასჭირდება.

„ჯგუფიდან, ვისთან ერთადაც იმგზავრა, ყველა იდენტიფიცირებული ჯერ არ არის. ამაზე ჯერ მუშაობენ – რიგების შემოწმებაზე. ეგ ასე სწრაფად ვერ ხდება. საზღვრიდან ამოიღებენ ინფორმაციას. მიმდინარეობს ეპიდკვლევა. მაგალითად, უკვე გავედით ამ ადამიანის სამუშაო ადგილზე, სადაც მუშაობს, რადგან ერთი დღით მივიდა სამსახურში, როცა ჩამოვიდა. სამუშაოზე უკვე შესაბამისი ღონისძიებები მიიღება, მაგრამ ყველაფრის ამის ღია ეთერში საუბარს, სად მუშაობს და ა.შ. არ ვაპირებ. თვითფრინავიდან ორი რიგი იქით, ორი რიგი აქეთ [ასეთია პროტოკოლი] მჯდომების იდენტიფიცირება მოხდება. მათთან მერე ირეკება და მათი ტელეფონების ამოღება ხდება. არის სპეციალური კითხვარი და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, უნდა ვურჩიოთ თვითიზოლაცია თუ არა. ვინც ახლო კონტაქტში იყო თვითიზოლაციას ურჩევენ, ვინც არა – სხვა რჩევებია. პერიოდულად გადამოწმდებიან, ხომ არ ეწყებათ რამე სიმპტომები, ხველა, ტემპერატურა, თუ იწყება მერე ის გადადის ინფექციურ საავადმყოფოში და ასეთი ჯაჭვია.  7 ადამიანთან ერთად იმგზავრა და იმათ გამოკითხავენ ეპიდანამნეზზე და თუ საჭიროა, გამოიკვლევენ კიდეც. კონტაქტირებულის ციფრი გაიზრდება და საბოლოო რიცხვი იქნება ორ დღეში ცნობილი“, –განუცხადა „პუბლიკას“ ამირან გამყრელიძემ.