რუსეთი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე დადებულ შეთანხმებას ტოვებს

პუბლიკა

რუსეთის სამთავრობო მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპოერტის შესახებ დადებული შეთანხმებიდან გადის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტის მიზეზია სევასტოპოლის პორტში მომხდარი აფეთქება.

რუსეთის მიერ ოკუპირებული სევასტოპოლის პორტში აფეთქება გუშინ მოხდა. რუსეთი თავდასხმაში უკარინას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თავდასხმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებით განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს „ტერორისტული თავდასხმა“ იყო. ოფიციალური კიევი არ ადასტურებს ან ინფორმაციას.

გაეროს დახმარებით უკრაინის პორტების განბლოკვასა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ და თურქეთმა ივლისის ბოლოს მოაწერეს ხელი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც სასურსათო კრიზისი გამოიწვია. სწორედ ამის შემდეგ მოხერხდა გაეროს შეთანხმება, რომლის შედეგადაც უკრაინა 20 მილიონ ტონამდე მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებდა.

ამ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლას უკვე მოჰყვა შეფასებები. უკრაინა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ  შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო „დიდი ოცეულის“ და გაეროს მკაცრ რეაქციას ელოდება: „როგორ შეიძლება რუსეთი G20-ში სხვა სახელმწიფოებთან ერთად იყოს, როდესაც ის გააზრებულად მუშაობს რამდენიმე კონტინენტზე შიმშილისთვის? ეს ნონსენსია. „დიდ ოცეულში“ მისი ადგილი არ არის”, – თქვა მან მიმართვაში.

ურაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ  ასევე მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, მოთხოვონ რუსეთს შეწყვიტოს „შიმშილის თამაშები“ და დაუბრუნდეს შეთნხმებას.