როგორც ჩანს, ჯაფარიძემ ვაშაძეს უთხრა, რომ მისთვისაცაა ვაკანსია გლოვოს კურიერად - ღუდუშაური

პუბლიკა

„ახლა, როგორც ჩანს, გაერთიანებული ძალებით შემოასხდებიან „გლოვოს“ კურიერის მოტოებს, იქნებ მანდ მაინც გააკეთონ რაიმე სასიკეთო“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებზე, რომლებიც პარტია „დროასთან“ ერთად „ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით” კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„როდესაც გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ უარს აცხადებდა მანდატის გამოყენებაზე, მაგალითად მიუთითა და ამაზე საკონსტიტუციო სარჩელიც კი შეიტანა, რომ მას სურდა, დასაქმებული ყოფილიყო გლოვოს კურიერად. ახლა, როგორც ჩანს, ბატონმა ვაშაძემ, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა და ვერ იპოვა, თვითრეალიზების საშუალება არ მიეცა, რამეთუ აქ საცირკო წარმოდგენისთვის ადგილი და სივრცე არაა, ახლა, როგორც ჩანს, გირჩი ჯაფარიძემ უთხრა, რომ მისთვისაც არის ვაკანსია გლოვოს კურიერად და შესაბამისად, ახლა უკვე გაერთიანებული ძალებით შემოასხდებიან ბატონი ვაშაძე და გირჩი ჯაფარიძე გლოვოს კურიერის მოტოებს და უფრო უკეთესი სერვისით და უფრო მალე მოემსახურებიან კლიენტებს. ესეც დასაფასებელია, იქნებ აქ მაინც გააკეთონ რაიმე სასიკეთო საქმე“,- განაცხადა ღუდუშაურმა.

„დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ შეკითხვებით მიმართავს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჯარო ტელედებატებზე მმართველმა პარტიამ ოპოზიციას უარი უთხრა, სანაცვლოდ კი ცრუ კამპანია დაიწყო, თითქოს ისინი ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლას ცდილობენ.