სამი პარტია ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით „ოცნებას“ შეკითხვებით მიმართავს

პუბლიკა

„დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ შეკითხვებით მიმართავს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჯარო ტელედებატებზე მმართველმა პარტიამ ოპოზიციას უარი უთხრა, სანაცვლოდ კი ცრუ კამპანია დაიწყო, თითქოს ისინი ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლას ცდილობენ.

სამი პარტია საჯაროდ სვამს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესში ჩნდება:

  • „რატომ მოახდინეთ 19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ანულირება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან დაახლოებით 10 დღეში?
  • რატომ ჩათვალეთ, რომ ბრიუსელში ამას ყურადღებას არ მიაქცევდნენ? რატომ არ უბრუნდებით 19 აპრილის შეთანხმებას?
  • რატომ თქვით უარი სასამართლო რეფორმაზე და შემდეგ ვირეშმაკობას მიყავით ხელი, თითქოს ევროკავშირის 75 მილიონი ევრო არ გჭირდებოდათ? რატომ იტყუებით სკოლის მოსწავლეებივით დღემდე ამ თემაზე?
  • რატომ გააგრძელეთ შარშან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების დანიშნვა, როცა 19 აპრილის შეთანხმება ცალსახად ითხოვდა ამ პროცესის დროებით შეჩერებას? რატომ დანიშნეთ დემონსტრაციულად წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ისევ მურუსიძე და გვრიტიშვილი მაშინ, როდესაც შინ და გარეთ ყველამ იცის, რომ ისინი არიან ე.წ. კლანის წევრები?
  • რატომ გააგრძელეთ შარშან უზენაეს სასამართლოში დაჩქარებულად მოსამართლეების დანიშვნა, როცა 19 აპრილის შეთანხმება ცალსახად ითხოვდა ამ პროცესის დროებით შეჩერებას? რატომ უგულებელყავით გაფრთხილებები ევროკავშირიდან, ისევე როგორც აშშ-ს საელჩოს საჯარო პოსტი, ყვითელი მარკერით გახაზული ტექსტით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არ უნდა გაგეკეთებინათ?
  • რატომ შეცვალეთ შარშან ცესკო თავმჯდომარის არჩევის წესი ისე, რომ მისი არჩევა დაჩქარებულად შესძლოთ ოპოზიციის გარეშე? რატომ მიიღეთ კანონი, რომლითაც „ვადაგასულ“ თავმჯდომარეს ფაქტიურად უვადოდ და მუდმივად შეუძლია თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება? რატომ გგონიათ, რომ ამას არ ჩათვლიან ევრორეკომენდაციის დარღევად ევროსტრუქტურები?
  • რატომ გააუქმეთ შარშან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მიუხედავად ამ საკითხისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა ბრიუსელის მხრიდან?
  • რატომ დააკავეთ ნიკა გვარამია კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე? საერთოდ რატომ დააკავეთ ისეთი მუხლით, რომლითაც აქამდე არასდროს არავინ დაუკავებიათ ამ ქვეყანაში?
  • რატომ თქვით უარი ოპოზიციის მიერ შემუშავებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის განხილვაზე, რომელიც ჯერ კიდევ 1 წლის წინ დარეგისტრირდა მაშინ, როცა ეს იყო ევროკომისიის პირდაპირი რეკომენდაცია?
  • რატომ არ დაწიეთ საარჩევნო ბარიერი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-მდე ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული 19 აპრილის შეთანხმებით?
  • რატომ თქვით გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებაზე უარი, ისე როგორც ეს არის გაწერილი 19 აპრილის შეთანხმებაში? რატომ დაუბრუნდით ახლა ისევ ამ საკითხს თუ როგორც აცხადებდით ამ წესის შეცვლა არ შეიძლებოდა?
  • რატომ არ ჩაატარეთ შარშან სექტემბერში სუს-იდან გამოჟონილი უკანონო ფარული მიყურადების მასალებზე დამაჯერებელი გამოძიება? რატომ უსმენდით და უთვალთვალებდით დიპლომატებს, მათ შორის ევროკავშირის ელჩს? რატომ ჩათვალეთ რომ ბრიუსელი ამას ყურადღებას არ მიაქცევდა?
  • რატომ არ დასაჯეთ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები? რატომ გგონიათ, რომ ბრიუსელში იდიოტები სხედან, რომლებსაც შეგიძლიათ ტყუილები აჭამოთ?
  • რატომ შეიტანეთ დაჩქარებული წესით ცვლილებები ე.წ. მოსმენების კანონში, როდესაც არაერთი ევროპული სტრუქტურა გაფრთხილებდათ რომ ამის გაკეთება შეუთავსებელია ამ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან? რატომ „დაძლიეთ“ პრეზიდენტის ვეტო ამ კანონზე რითაც კიდევ ერთხელ დემონსტრაციულად უარყავით ევრორეკომენდაციები? რატომ დაუშვით, რომ ამას უყურადღებოდ დატოვებდნენ?
  • რატომ ემუქრებოდით საჯაროდ ევროკავშირის ინსტიტუტებს თუ არ მოგვცემთ სტატუსს, ფარდას ავხდით ყველაფერსო? რომელმა იდიოტმა გადაწყვიტა რომ ასეთი ურთიერთობა დასაშვებია ბრიუსელთან?
  • რატომ გააშიშვლეთ და ათრიეთ იატაკზე ქვეყნის მესამე პრეზიდენტი? რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ კადრების გასაჯაროება ბრიუსელში ვინმეს მოეწონებოდა?
  • რატომ არ მიაღებინეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი რეზოლუცია ევროპარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსს, რომლის წევრიც არის „ქართული ოცნება“ (ისე როგორც ეს გააკეთა ALDE-მ ჩვენი ინიციატივით)?
  • რატომ გამოუცხადდეთ ბოიკოტი საგანგებო სესიას (სასესიო სხდომები და საკომიტეტო მუშაობა), რომელსაც ითხოვდა ოპოზიცია და რომელზეც ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ერთობლივად უნდა ემუშავა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე?
  • რატომ გამოუცხადეთ ბოიკოტი საგანგებო სესიას, რომელიც მოწვეული იყო პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის თხოვნის საფუძველზე და რომელზეც უნდა მომხდარიყო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება? ხოლო, მოგვიანებით როგორ მოხდა, რომ რეზოლუციის თქვენ ვერსიაში, რუსეთი როგორც აგრესორი ქვეყანა ნახსენებიც კი არ იყო?
  • რატომ გამოაცხადეთ საქართველოს მტრად ევროკავშირის ყოფილი ელჩი მას შემდეგ, რაც მან დაასრულა თავისი მისია ამ ქვეყანაში? რატომ ჩათვალეთ, რომ ეს ვინმეს მოეწონებოდა ბრიუსელში?
  • რატომ დასჭირდა მრავალათასიანი მიტინგები და მწვავე პროტესტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ხელი მოეწერა კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მიღების განაცხადს? რატომ აცხადებდა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არაფერს ნიშნავდა და უბრალო ფორმალობა იყო?
  • რატომ ესხმით თავს და ლანძღავთ აშშ ელჩს თქვენი კონტროლირებადი ანტიდასავლური ჯგუფების მიერ და არათუ არ ემიჯნებით, საჯაროდ მხარს უჭერთ მათ ამ ანტიდასავლურ შეტევებს?
  • რატომ განაცხადა თქვენი პარტიის ფორმალურმა უფროსმა სტატუსის არმოცემა „ოცნების“ ბრალი კი არ არის, არამედ იმის ბრალია, რომ გეოგრაფიულად შორს ვართ და ომში რომ არ ვართ ჩართულიო? რა შეიცვლება ამ მხრივ მომავალ წელს? და თუ არაფერი შეიცვლება, მაშინ რატომ მოგვცემს ევროკავშირი სტატუსს მომავალ წელს კობახიძის ლოგიკით?
  • რატომ ლანძღეთ და დღემდე ლანძღავთ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ამ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მთავარი ლობისტების დასავლეთში?
  • რატომ გააფუჭეთ ურთიერთობა ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, სკანდინავიის ქვეყნებთან, როცა სწორედ ეს ქვეყნები იყვნენ საქართველოს ინტერესების მთავარი დამცველები ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებში?
  • რატომ არ გქონდათ სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე და არ გაქვთ დღემდე უმაღლესი დონის ვიზიტები ევროპის წამყვან ქვეყნებში ისევე, როგორც ტრადიციულად ჩვენს მხარდამჭერ ქვეყნებში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, სკანდინავიის ქვეყნებში? აქეთ რატომ არ ჩამოდიან ამ ქვეყნების ლიდერები?
  • რატომ გამოყარეთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ე.წ. სამუშაო ჯგუფებიდან, სადაც თითქოს 12 პუნქტის შესრულებაზე მიდიოდა მუშაობა?
  • რატომ მოიტყუეთ და დღემდე იტყუებით თითქოს დასავლეთი ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვას? რატომ ვირეშმაკობთ თითქოს ე.წ. ხალხის ძალა ცალკე პოლიტიკური წარმონაქმნია? რატომ გადაწყვიტეთ რომ ბრიუსელში ისეთი იდიოტები არიან, ვერ ხვდებიან რას აკეთებთ ამ ყველაფრით?
  • რატომ ლანძღავთ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რასაც არ უნდა წერდნენ ან იძახდნენ ისინი? ხომ გასაგებია რომ უკრაინის მორალური უპირატესობა ახლა არის ამ ქვეყნისთვისაც ყინულმჭრელი ევროპისკენ და ზოგადად დასავლეთისკენ?
  • რატომ არ დაიკავეთ რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ცხადი და არაორაზროვანი პოზიცია?
  • რატომ არ ითხოვთ 12 პუნქტის შესრულების პროცესში ევროპელი ექსპერტების ჩართვას, თუ მართლა არსებობს ამ მოთხოვნების შესრულების პოლიტიკური ნება?
  • რატომ დაარეგისტრირეთ უკრაინულიდან თარგმნილი „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტი, როცა გასაგებად აგიხსნეს ბრიუსელიდან რომ ეგ კანონი უკრაინის რეალობაზეა მორგებული და საქართველოს ჩვენს რეალობაზე მორგებული კანონი სჭირდება? რატომ ამბობთ უარს ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნაზე?“, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ეს შეკითხვები აქვთ ბრიუსელშიც.

პარტიების განცხადებით, იქ მოლოდინია, რომ „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციების შესრულების ნება არ აქვს და ისინი ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს.