მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულთან საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ მედიის დაკავშირება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს და მათზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა – მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილია.
საგანგაშოა, რომ Საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მომხდენი პირები და ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქო, თავისი მტრული დამოკიდებულებით და განცხადებებით ხელს უწყობენ მედიის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გარემოს შექმნას.
მსგავსი მითითება ქმნის დაბნეულობას მოსახლეობაში, ყურადღების მიღმა ტოვებს ნამდვილ მიზეზებსა და მისი მოგვარების გზებზე საუბარს, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ისე მედიის წინააღმდეგ გამოვლენილი დანაშაულების შესამცირებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ცხრამუხის მონასტერში მომხდარის მედიისთვის გადაბრალება უკიდურესად საშიში და არასწორია, რადგან შეიძლება, ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს.
26 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მოქალაქეებს ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებაში „მასმედიის ზოგიერთი საშუალება“ უწყობს ხელს, რომლებიც მისი შეფასებით, გამალებულ და ორგანიზებულ ანტიეკლესიურ კამპანიას ეწევიან.