ჯაღმაიძის თქმით, მონასტერში შეჭრას ეკლესიის წინააღმდეგ აგორებულმა კამპანიამ შეუწყო ხელი

პუბლიკა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ცხრამუხის დედათა მონასტერში შეჭრასა და მონაზონზე ძალადობას ეხმაურება.

ჯაღმაიძე წერს, რომ მოქალაქეებს ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებაში „მასმედიის ზოგიერთი საშუალება“ უწყობს ხელს, რომლებიც მისი შეფასებით, გამალებულ და ორგანიზებულ ანტიეკლესიურ კამპანიას ეწევიან.

ასევე, ჯაღმაიძის თქმით, მოსახლეობაზე მძიმე ზეგავლენას ახდენს ზოგიერთი, თეოლოგისა და ექსპერტის მოსაზრება, რომ ქვეყნის ეკონომიური აღმასვლა და პოლიტიკური გამარჯვებები მართლმადიდებლური ეკლესიის სრული რეორგანიზაციით ან საერთოდ, დაშლით უნდა მოხდეს. ამას მოჰყვა კიდეც მონასტერში შეჭრა და ძალადობა.

„ადრეც განვაცხადეთ, რომ 2021 წელს მარტვილის რეზიდენციაში შეჭრა შესაძლოა, „რეპეტიციად“ ქცეულიყო შემდგომი მოვლენებისა. გავიხსენოთ მედიის ცილისმწამებლური კამპანია ბოდბის დედათა მონასტრის დედებისადმი, როდესაც მათ არც მეტი, არც ნაკლები, მოსახლეობის მკვლელობის ორგანიზებაში დასდო ბრალი „მთავარმა არხმა“ (ბოდიში არავის მოუხდია დღემდე).

რა ხდება ამ ყველაფრის შემყურე ავაზაკის გონებაში, რომელსაც ხალხის არ რცხვენია? თუ ხედავს, რომ დასაშვებია ეკლესიის გამუდმებული დადანაშაულება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკის გატარებაში, თუ ხედავს, რომ დასაშვებია, სვეტიცხოვლის ეზოში სვეტიცხოვლობა დღეს სასულიერო პირებს „ბანდიტები“ უწოდოს („ტვ პირველი”) ჟურნალისტმა, თუ დასაშვებია მსახურებების ჩაშლა („მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ მარტვილის ტაძარში) და პატრიარქის ქვეყნის მტრად გამოცხადება, რაღა რჩება იქიდან, რისი დაშვებაც შესაძლებელია იმ ავაზაკი ადამიანის გონებაში, რომელსაც ღმერთის არ ეშინია?! – ის, რაც მოხდა დღეს ხაშურის დედათა მონასტერში“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

ასევე, ჯაღმაიძე „ეკლესიის დაკნინების მცდელობებს“ უკავშირებს ოჯახში ძალადობის შემთხვევებსაც. რადგან მისი აზრით, ეს ოჯახური ტრადიციების ნგრევის შედეგია.

„საქართველოში ქრისტიანული ეკლესიის დაკნინების მცდელობებს უკავშირდება ოჯახური ტრადიციების ნგრევაც, რაც ოჯახური კონფლიქტების სიხშირით ვლინდება. ერთი-ერთი ასეთი შემთხვევა გუშინ მომხდარი ოჯახური ტრაგედიაცაა, ქალზე ძალადობის საშინელი ფაქტით“, – წერს დეკანოზი.