პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩეხეთის ელჩის პეტრ მიკისკას განცხადებას გამოეხმაურა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში იმპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და დარწმუნებულია, რომ ამ ტვირთის ნაწილი რუსეთში მიდის. კობახიძის თქმით, თუკი ელჩმა ასეთი განცხადება მართლაც გააკეთა, საქართველოს ხელისუფლებას ამაზე რეაგირება ექნება.
„არ ვიცი, პირველად მესმის ეს განცხადება, მაგრამ თუ ეს განცხადება გაკეთდა, მართლა წარმოუდგენელია, ასეთი განცხადებები თავის დროზე გვაქვს მოსმენილი უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან და მერე თვითონ მოუწიათ ამის უარყოფა და ყველამ უარყო აბსოლუტურად ასეთი რამ.
თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, ამას სჭირდება რეაგირება. თავის დროზე ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებებზე და მათ მოუწიათ ამის უკან წაღება, ამ შემთხვევაშიც ასეთი რეაქცია გვექნება, თუ ეს განცხადება გაკეთდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ხოლო შეკითხვის საპასუხოდ, რა ტიპის რეაგირება ექნება მმართველ გუნდს, კობახიძის თქმით, ის გულისხმობდა დიპლომატიურ რეაგირებას.
„დიპლომატიური რა თქმა უნდა, მეტი რა უნდა გავაკეთოთ, დიპლომატიური რეაგირება ელჩის მიმართ“, – თქვა კობახიძემ.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი რუსეთისა“ და ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებაზე ჩეხეთის ელჩმა საქართველოს პოზიციაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.
„ამ წლის დასაწყისიდან, [ჩეხეთიდან] ჩეხური პროდუქტების საქართველოში ექსპორტი გაიზარდა 80%-ით, გასულ წელთან შედარებით. თითქმის გაორმაგდა. გასულ წელს, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გავლენა იყო, უკვე რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა“, – თქვა ჩეხეთის ელჩმა და დასძინა:
„ასე რომ, საკმაოდ დარწმუნებული ვართ, ამ ზრდის ნაწილი რუსეთში მიდის“.
მაკისკამ ასევე დაამატა, რომ ჯერჯერობით დაზუსტებით არ გარკვეულა, „ეს პროდუქტები მართლა ჩრდილოეთით წავიდა თუ არა“.
ასევე მაკისკას განცხადებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით ევროკომისია საქართველოს პოზიციას დააკვირდება და შესასრულებელ 12 პუნქტთან ერთად გაითვაილისწინებს იმასაც, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს პოზიცია საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკაზე განცხადებებთან.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებითაც, წელს ჩეხეთიდან შემოტანილი ტვირთების ღირებულება გაზრდილია.