კობახიძემ საგამოცდო პროგრამიდან საკითხების ამოღება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დააკავშირა

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ საგამოცდო პროგრამიდან ქართული ლიტერატურისა და ისტორიის ზოგიერთი საკითხის ამოღება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დააკავშირა. მისი თქმით, ამ საკთხების ამოღება მოსწავლეებმა მოითხოვეს, რადგან ისინი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სავალდებულო არ იყო.

თუმცა რატომ არ იყო სავალდებულო, მისთვის გაუგებარია და მიიჩნევს, რომ 20 წლის წინ, წინა ხელისუფლების დროს, ამ მიმართულებით სისტემურად დაიწყეს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება.

„მე გადავავლე თვალი, მაგალითად, ლიტერატურის ჩამონათვალს, რაც არ შედის სავალდებულო პროგრამაში და ეს არის უბრალოდ გამაოგნებელი. არ შეიძლება ეს ნაწარმოებები არ შედიოდეს სავალდებულო პროგრამაში.

რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაც იმიტომ, რომ რაღაც პრობლემა იყო მოსავლელი ამ 12 წლის განმავლობაში, თუმცა ჩანს, რომ სათანადოდ არ არის მოვლილი. რასაც, რა თქმა უნდა, უნდა მივხედოთ და ამაზე ზრუნვა ჩვენ გვაქვს დაწყებული.

გამაოგნებელია ეროვნული სასწავლო გეგმის კონკრეტული მიმართულებები. რატომ ხდებოდა გარკვეული საგნების მეორე პლანზე გადაწევა, რატომ ხდებოდა კონკრეტული საგნებიდან გარკვეული მასალების ამოღება და ეს ხდებოდა წლიდან წლამდე. ეს პროცესები დაიწყო, დაახლოებით, 20 წლის წინ, სისტემურად.

თქვენ გახსოვთ, ვინ იყვნენ განათლების მინისტრები წინა ხელისუფლების პირობებში და სისტემურად ხდებოდა ისეთი საკითხების ამოღება ეროვნული სასწავლო გეგმიდან, სასწავლო პროგრამიდან, სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც აღვივებს მოსწავლეში პატრიოტულ სულისკვეთებას, დამოკიდებულებას საკუთარი ეროვნული იდენტობის მიმართ, შეგნებულად მიმდინარეობდა ეს პროცესები და ეს გაგრძელდა, სამწუხაროდ, 2012 წლის შემდეგაც“, – განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყეს შესწავლა, თუ რა ისწავლება სკოლებში. შემდეგ კი დაამტკიცეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი და ამ დოკუმენტის საფუძველზე, მაგალითად, „ლიბერალური“ ჩანაწერები „პატრიოტულით“ ჩაანაცვლეს.

ახლა კი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები შესრულდეს.

„იქ არის კიდევ გარკვეული ინსტიტუციური მომენტები. იქაც ყველაფერი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ა.შ. იქმნებოდა კომისიები, ამ კომისიებში ხშირად იყო საეჭვო ხალხი, ის საეჭვო ხალხი მერე იღებდა გადაწყვეტილებებს ასეთი ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით და ა.შ.“, – თქვა კობახიძემ.