ეს ბლოგპოსტი ერთგვარი ანტიმისალოცი ბარათია ქალებისთვის, რომლებიც სხვა მოვალეობებთან ერთად დედის როლსაც ითავსებენ. მე არ გილოცავთ ამ დღეს!
პირად ამბავს იმიტომ გიზიარებთ, რომ ჩემი გამოცდილება ქართველი შვილების დიდი, თუმცა ბოლომდე დაუთვლელი ნაწილის ისტორიაცაა.
ემიგრანტი ქალების ქვეყნიდან წასვლის მიზეზები ცხადზე ცხადია, თუმცა არავის შეუსწავლია უდედოდ დარჩენილი ბავშვების ტრავმები. რა კვალს ტოვებს მათი წასვლა ჩვენს ან მათს ცხოვრებაზე? ეს ისტორიები ყვითელი ტოკშოუების სენტიმენტებად ან სულაც კომედიური შოუების კარიკატურულ გმირებად გადააქციეს. და ეს საკითხები რაციონალური განსჯის მიღმა დატოვეს. ბიზნესი აქციას აქციაზე აცხობს – „განსაკუთრებული შემოთავაზება მხოლოდ ემიგრანტებისთვის!“. ხელისუფლება კი მოგვიწოდებს, უფრო და უფრო მეტმა დავტოვოთ ქვეყანა, რომ უფრო მეტი ბავშვი დარჩეს მშობლის გარეშე. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მხოლოდ გასულ თვეში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $137.3 მილიონი აშშ დოლარი (391.6 მლნ ლარი) შეადგინა.
ის 27 წლის მარტოხელა დედა იყო, ათასი ვალით. მე კი 10 წლის ვიყავი და არასდროს დამავიწყდება 2004 წლის ოქტომბრის ქარიანი ღამე, დედაჩემმა რომ გამაღვიძა და ტირილით დამემშვიდობა.
ნუ გეგონებათ, რომ საქართველოში არ შრომობდა. დაწყებითი კლასის მასწავლებელი იყო. 14-ლარიანი ხელფასიდან ბავშვებისთვის არასდროს დანანებია, ფერად-ფერადი მიკი მაუსიანი შტამპები ეყიდა და ლამფის შუქზე გასწორებული საშინაო დავალებებისთვის დაესვა. ეს შტამპები იმდროინდელი ბავშვებისთვის ერთი პატარა, მაგრამ ნათელი წერტილი იყო. ვისაც სწავლა უჭირდა, არც ზედმეტი საათების დათმობას იშურებდა. დღეს, როცა უკვე მისი გაზრდილი მოსწავლეები ქუჩაში მხვდებიან, პირველ რიგში მის ამბებს მეკითხებიან. მართლა გამორჩეული მასწავლებელი იყო. თუმცა თავიდან მახსოვს, როგორ გადაჰყავდათ მშობლებს შვილები მისი კლასიდან სხვა კლასში – არ გვინდა, 23 წლის შავებში ჩაცმულმა ქვრივმა ჩვენს შვილს ასწავლოსო. მახსოვს, როგორ განიცდიდა.
როცა დაბრუნებაზე ვესაუბრები, მანდ რა ვაკეთოო, მეკითხება ხოლმე. მეც ეს კითხვა მანტრასავით მიტრიალებს თავში: აქ რა უნდა გააკეთოს? ამ ნიჰილიზმს თავი წლებია, ვერ დავაღწიეთ და რაღაცნაირად მივეჩვიეთ კიდეც – 15 წელი დიდი დროა.
მთელი ბავშვობა გულზე ლოდად მქონდა ფრაზა „ის შენ გამო წავიდა!“ – თითქოს დედაჩემის წასვლას გამართლება სჭირდებოდა, ან თითქოს ამ ფრაზით მამხნევებდნენ. მეც უფროსებს აყოლილი, ერთხელ ეზოში ატირებულ თანატოლ გოგოს ასე ვამშვიდებდი: „ნუ ტირი, ის შენ გამო წავიდა და მალე დაბრუნდება“. ალბათ, დედაჩემის მიმართ სინდისის ქენჯნას მთელი ცხოვრება ვერ მოვიშორებ. მისი ცხოვრების საუკეთესო წლები ემიგრაციაში, ოჯახისგან და მეგობრებისგან გადახვეწილმა გაატარა. თითქოს – ის წლები მე მოვპარე.
ახლა კი ნათესავებს, მეზობლებს გირჩევთ, როგორც ემიგრანტის უკვე გაზრდილი შვილი: როგორი სიმართლეც არ უნდა იყოს – არასდროს უთხრათ ბავშვებს, რომ დედები მათ გამო წავიდნენ! დაინდეთ, ისინი თავადაც კარგად ხვდებიან ყველაფერს.
რაც დრო გადის და მეტად ვუახლოვდები მის ასაკს, უფრო და უფრო შეუძლებლად მესახება ათასობით კილომეტრის სიშორიდან იყო კარგი დედა, როლური მოდელი შვილისთვის, თან მამაც იყო, მეგობარიც, მუხლჩაუხრელი მშრომელიც. ამ დროს იბადება მეორე შეკითხვა: როგორ? – როგორ მოახერხა, რომ დღემდე, როცა ცხოვრებაში პრინციპულ გადაწყვეტილებას ვიღებ, პირველ რიგში იმაზე ვფიქრობ, როგორ მოიქცეოდა დედაჩემი. ეს მაშინ, როცა ცხოვრების 25 წელიწადიდან მასთან ერთად 11 წელიც არ მექნება გატარებული. ამ ყველაფრის ფონზე რა სასაცილოდ გამოიყურება 3 მარტის მისალოცი ბარათები: „გილოცავთ დედის დღეს!“. როგორი მონდომებით ცდილობს ყველა, ქალები მხოლოდ რეპროდუქციულ ფუნქციას დაუქვემდებაროს და დანარჩენ ყველაფერზე თვალი დახუჭოს.