კაცს, რომელმაც ავტობუსში ცოლი შვილების თვალწინ მოკლა, 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულ როინ მებონიას  20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, როინ მებონია  გაივლის სავალდებულო სამედიცინო მკურნალობას შესაბამის დაწესებულებაში და შემდეგ გააგრძელებს სასჯელის მოხდას.

2022 წლის 21 მაისს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, მოძრავ ავტობუსში, ბრალდებულმა როინ მებონიამ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლს, სოფო კვარაცხელიას, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. სოფო კვარაცხელია ადგილზე დაიღუპა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

საქართველოში 2022 წელს 21 ქალი მოკლეს და 19 ქალის მკვლელობა სცადეს.