ავტობუსში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებით, 21 მაისს გურამიშვილის გამზირზე მოძრავ ავტობუსში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცოლს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ქალი ადგილზე დაიღუპა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.