არტისტი ანდრო დადიანი საკუთარ ნამუშევარს პრეზიდენტის სასახლეს ჩუქნის. ამის შესახებ ის facebook-სტატუსში წერს.
„ფოტოგრაფ სანრო სულაბერიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხელოვანის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, გუშინ კი კულტურის სამინისტროს ინსპექცია მივიდა მასთან და ნახატები ჩამოხსნა სასახლის კედლებიდან.
ცხოვრების კანონია, – ყველა გათავისუფლებული სივრცე წაშლილი დაფაა, სადაც ახალი ინფორმაცია გაჩნდება, ვფიქრობ, თანამედროვე ქართული ხელოვნების ტირაჟირებისთვის საუკეთესო ადგილია პრეზიდენტის სასახლე, ამ სივრციდან შეგვიძლია თანამედროვე სამყაროს ველაპარაკოთ ჩვენს აწმყო ენაზე და პრობლემებზე.
ხელოვანებო, ვაჩუქოთ პრეზიდენტის სასახლეს თანამედროვე ნამუშევრები. მე მინდა ეს ობიექტი გადავცე“, – წერს ის.
„მოკლე ისტორიული მეხსიერება“
30 წელზე მეტია დამოუკიდებლები ვართ, ყოველი ახალი ხელისულების პირობებში ქვეყანა ახლიდან იწყებს ცხოვრებას და ერთი და იმავე შეცდომებს იმეორებს, თითქოს „იყო”-მ შეიწოვა სიტყვები – „არის“ და„იქნება“. „მოკლე ისტორიული მეხსიერება“ დავიწყებულ წარსულზეა, რომელიც წინსვლის საშუალებას არ გვაძლევს. საქართველოს ეს სამფეროვანი დროშა 2004 წელს შეიცვალა, თუმცა დღეს, ჩვენ ირგვლივ არიან მოქალაქეები, რომლებიც ამ ობიექტში შეცდომას – თეთრი და შავი ფერის არასწორ წყობას ვერ ამჩნევენ, ეს პატარა დეტალი კი მცირედით ამხელს ჩვენს დამოკიდებულებას საკუთარ წარსულთან.
ობიექტზე ეწ. ცრემლები „პერესტროიკის“ დროინდელი საკულტო ჭაღებიდანაა, რომლებიც თბილისურ ბინებს გასაბჭოებამდე ანათებდა, მერე ყვავილებმა და გეომეტრიულმა ფიგურებმა ჩაანაცვლა ისინი, 90-იან წლებში კი, ეკონომიური ულუფის ხარჯზე შეძენილი ცრემლებიანი ჭაღები თითქმის ყველა ოჯახში გაჩნდა თავიდან, რაც საბჭოთა კავშირის განდევნისა და გამოგლოვის მცდელობას ჰგავს იმ ქალებისგან, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილიდან მიტინგებზე დგანან, ცრემლებს და ხშირად სისხლს ღვრიან ქვეყნის ახალი მომავლისთვის და ის ცრემლებიც მინდა გავიხსნო.