„ამათ უეჭველად დაიჭერენ, ეს ამბები რო მორჩება…“, – გადმომილაპარაკა ჩემმა ირანელმა თანამშრომელმა, როცა კარანტინში მყოფი პაციენტების მეთვალყურე ირანელი ექიმების ცეკვის ვიდეოს ვუყურებდით, რომელიც იუთუბზე გავრცელდა და მოკლე ხანში დიდი პოპულარობაც მოიპოვა.
კი შევეწინააღმდეგე, სისულელეს ამბობ-მეთქი, მაგრამ აი, კინოებში საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული ანტიტერორისტული სამსახურის „ნერდი” გამომძიებლები როგორც შვებიან ხოლმე, სათვალეები მოიხსნა და ნახევრად მკაცრად და ნახევრად ირონიულად მითხრა: „შენ მასწავლი ირანის მთავრობაას?!”
მერე სხვა ვიდეოებიც მანახა… ექთნები რაღაც აღმოსავლურ ცეკვას ცეკვავდნენ, ტანს ჰარმონიულად არხევდნენ და საკუთარ საქციელზე ხმამაღლა ეცინებოდათ, „აი, ამათი დაჭერა ცოტა გაუჭირდებათ, თავიდან ბოლომდე შეფუთულები არიან და ვერც იმას მიხვდება კაცი, რომელ საავადმყოფოშია გადაღებული… მარა ვიღაცა შიგნიდან ჩაუშვებთ, როგორც ხდება ხოლმე”.
მიუხედავად იმისა, რომ ირანის რეჟიმზე უაღრესად ცუდი წარმოდგენის ვარ, მაინც გამიჭირდა ამ აბსურდის დაჯერება. შაჰაბს აღარ შევკამათებივარ, მაგრამ ალბათ უნდობლობა სახეზე მეტყობოდა და ეს მანაც შეამჩნია. არ გჯერა, არა? – მკითხა და თან იუთუბზე რაღაცის ძებნა დაიწყო. „აჰა, ნახე…” – ეკრანი ჩემკენ შემოატრიალა. ირანელ ფეხბურთელს, ნიქბახთ ვაჰედის, სახლში დაადგნენ მორალის პოლიციიდან და მიზეზი არ გაინტერესებს? წვეულება მოაწყო და ახლო მეგობრები საცეკვაოდ დაპატიჟა. ამის გამო ხელწერილი დააწერინეს, რომელიც ალბათ ასე იწყებოდა: მე, ნიქბახთ ვაჰედი, კლუბ ესთიკლალის 22 ნომერი, მარცხენა შემტევი ნახევარმცველი, ბოდიშს ვუხდი მთელს ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რომ საკუთარ სახლში, რომელიც მდებარეობს ჰაფეზის ქუჩის 25-ში, მოვაწყვე წვეულება, სადაც მოპატიჟებულები იყვნენ ჩემი მეგობრები. ჩვენ ვიცეკვეთ ჩაჩაჩა, ცოტა ტანგო და აღმოსავლური ბელი დენსი… ბოდიშს ვუხდი დედას, რომ ასეთი პირწავარდნილი მოგულავე გამოვდექი. ბოდიშს ვუხდი მამას, ბებიას, ბაბუას… შენც ბოდიშს გიხდი, ანუშე მამიდა, რომ ჩემს შეყვარებულთან ერთად გუშინ საღამოს ჩაჩაჩას ვცეკვავდი.
ხო, შენ იცინე და, ნიქბახთ ვაჰედის ამის გამო საფეხბურთო კარიერა დაასრულებინეს… – მითხრა, სათვალე გაიკეთა და დაამატა: „ჯაბრე ჯოღრაფია!”, რაც ითარგმნება, როგორც: ბედისწერა. გინდა – გეოგრაფიული ბედისწერა, როგორც მოჰსენ ნამჯო თავის ამავე სახელწოდების სიმღერაში გულისხმობს – შენ დაიბადე არასწორ ადგილას.
შაჰაბი ამ სიტყვას ხშირად იყენებს ხოლმე. ბანკში გავყევი ერთ დღეს, ანგარიშის გახსნა უნდოდა, ირანელი ხარო და უარი სტკიცეს… „ჯაბრე ჯოღრაფია, შაჰაბ” – ჩაილაპარაკა თავისთვის. საქართველოში ჩამოსვლის პირველ თვეებში, კონსულტანტებს უხსნიდა ხოლმე: „ეს მხოლოდ გეოგრაფიული გაუგებრობაა. თქვენზე უფრო მეტად მძულს ირანის ხელისუფლება. მე არაფერი დამიშავებია. ეს უბრალოდ ასე მოხდა… შემთხვევითობაა, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დავიბადე და არა დემოკრატიულ ირანში…”.
შაჰაბმა კიდე რამდენიმე ვიდეო მანახა. ერთი წლის წინ, თეირანში, ველენჯექის უბანში, საკუთარ სახლში წვეულების მოწყობის გამო დაიჭირეს ფოტოგრაფი ქალი ნუშინ ჯაფარი და მსახიობი სეთარე ფესიანი და ორივე ციხეში გამოკეტეს. შაჰაბი ოთახიდან გავიდა, მე კიდევ შევყევი კორონავირუსთან გმირულად მებრძოლი ირანელი ექთნებისა და ექიმების ვიდეოების ყურებას… 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის დროს რომ თავსაც ირთობდნენ და პაციენტებსაც ახალისებდნენ. მერე შაჰაბი ისევ გამოჩნდა და ვკითხე: – მართლა დაიჭერენ ამ ხალხს? – რაზეც ჩვეული დამწუხრებული ხმით მომიგო: – ჯაბრე ჯოღრაფია, ბიქა.