ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტის აპარატის მიერ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
შენიშვნა: მოგვიანებით „პუბლიკას” დაუკავშირდა პარლამენტის პრესსამსახური და აცნობა, რომ საქმის გადახედვის შემდეგ აკრედიტაცია აღუდგათ ქეთი გოგუაძესა და ნათია ლევერაშვილს. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მასალის სათაური შეიცვალა, სადაც ეწერა, რომ აკრედიტაცია სამ ჟურნალისტს შეუჩერდა.
„2023 წლის 5 მარტს, პუბლიკასა და ტაბულასთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ონლაინგამოცემების ჟურნალისტების ნაწილს შეუჩერდა პარლამენტში აკრედიტაცია. მედიების ინფორმაციით, პარლამენტის აპარატის ეს გადაწყვეტილება ხუთშაბათს, 2 მარტს გამართული რუსული კანონის საპროტესტო აქციას უკავშირდება. ჟურნალისტების ნაწილი, რომლებსაც აკრედიტაცია შეუჩერეს, პარლამენტში რუსულ კანონს აპროტესტებდა, ნაწილი კი ამ საკითხს აშუქებდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ 6 მარტის კვირაში აპირებს პარლამენტი, განიხილოს რუსული კანონები „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აკრედიტაციის შეჩერების მიზანია, ჟურნალისტებს შეეზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება და ხელი შეეშალოთ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პატივი სცეს დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, საჯაროობა და ღიაობა და აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია.
ამასთან, ქარტია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პარლამენტში 1 მარტიდან ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის ახალი წესი, რომლის გაუქმებისკენაც ქარტიამ პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მოუწოდა.
პარლამენტის აპარატმა „პუბლიკის“ 3 აკრედიტებულ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს, ქეთი გოგუაძესა და ნათია ლევერაშვილს ერთი თვით აკრედიტაცია შეუჩერა.
„პუბლიკას“ პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, რომ გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება სამუშაო დღეს ჩაგვბარდება, თუმცა სიტყვიერად განგვიმარტეს, რომ გადაწყვეტილება 2 მარტს პარლამენტში გამართულ პროტესტს უკავშირდება.
„პუბლიკის“ ჟურნალისტები, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, ხუთშაბათს, 2 მარტს პარლამენტის შენობაში გაერთიანებული კომიტეტის სხდომის დროს იმყოფებოდნენ. კომიტეტზე „აგენტების შესახებ“ კანონპროექტებს განიხილავდნენ.
ჟურნალისტების ნაწილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ნაწილი კი კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდა.
„პუბლიკისთვის“ ცნობილია, რომ აკრედიტაციის შეჩერების შესახებ აცნობეს „ტაბულას“ თანამშრომლებსაც.