მედიაკოალიცია მოუწოდებს პაპუაშვილს, დაუყოვნებლივ აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია

პუბლიკა

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, დაუყოვნებლივ აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია პარლამენტში, უზრუნველყოს საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების შეუფერხებელი და უსაფრთხო სამუშაო გარემო, კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვა, განსაკუთრებით შემდეგ კვირას დაგეგმილი რუსული კანონის განხილვის დროს.

შენიშვნა: მოგვიანებით „პუბლიკას” დაუკავშირდა პარლამენტის პრესსამსახური და აცნობა, რომ საქმის გადახედვის შემდეგ აკრედიტაცია აღუდგათ ქეთი გოგუაძესა და ნათია ლევერაშვილს. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მასალის სათაური შეიცვალა, სადაც ეწერა, რომ აკრედიტაცია სამ ჟურნალისტს შეუჩერდა.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტი გახდა სიმბოლო ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობისთვის შეზღუდვისა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ღიად, საჯაროდ და ცინიკურად ირღვევა მედიის წარმომადგენლების უფლებები. ამის ნათელი დადასტურებაა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე ლეგიტიმური პროტესტის ფონზე, ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში მიზანმიმართულად ხელის შეშლა, რა დროსაც ადგილი აქვს ჟურნალისტების უკანონო დაკავების, პარლამენტში გადაადგილების შეზღუდვის, არ შეშვების თუ გაძევების ფაქტებს.

ამ ფონზე, როდესაც საზოგადოების მაღალი ინტერესი მიმართულია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესების მიმართ, პარლამენტი უუქმებს ცალკეული მედიის, პუბლიკის და ტაბულას, ჟურნალისტებს აკრედიტაციას ერთი თვის ვადით. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს სადამსჯელო ღონისძიებას ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ახორციელებენ და კონსტიტუციით დადგენილი გამოხატვის უფლებით სარგებლობენ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია, უზრუნველყოს მედიისთვის კონსტიტუციით დადგენილი უფლებების დაცვა და მათთვის პარლამენტში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც საშუალება ექნებათ, თავისუფლად შეასრულონ ჟურნალისტური საქმიანობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ჟურნალისტებს შესაბამისი იურიდიული დახმარება გაუწიოს.

ცხელი ხაზი : 555 795 776


პარლამენტის აპარატმა „პუბლიკის“ 3 აკრედიტებულ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს, ქეთი გოგუაძესა და ნათია ლევერაშვილს ერთი თვით აკრედიტაცია შეუჩერა.

„პუბლიკას“ პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, რომ გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება სამუშაო დღეს ჩაგვბარდება, თუმცა სიტყვიერად განგვიმარტეს, რომ გადაწყვეტილება 2 მარტს პარლამენტში გამართულ პროტესტს უკავშირდება.

„პუბლიკის“ ჟურნალისტები,  სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, ხუთშაბათს, 2 მარტს პარლამენტის შენობაში გაერთიანებული კომიტეტის სხდომის გამო იმყოფებოდნენ. კომიტეტზე „აგენტების შესახებ“ კანონპროექტებს განიხილავდნენ.

ჟურნალისტების ნაწილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ნაწილი კი კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდა.

„პუბლიკისთვის“ ცნობილია, რომ აკრედიტაციის შეჩერების შესახებ აცნობეს „ტაბულას“ თანამშრომლებსაც.