სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ დღეს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
იოსელიანი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არაფერს წერს. Facebook-სტატუსში აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ყველა მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, მათ შორის სამედიცინო კონსილიუმი, შენარჩუნებული იქნება.
,,დღეს ვიყავი კლინიკა „ვივა მედში“, მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი და ის 13 პატიმარი, რომელიც იმავე კლინიკაში გადის მკურნალობას.
თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ მე და ყოფილმა პრეზიდენტმა სხვადასხვა თემებზე.
ვინაიდან არ ვარ ექიმი და არ მაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, არ შევალ მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალების განხილვაში, ეს სპეციალისტების საქმეა.
თუმცა, ჩემი მხრივ, დავუდასტურე, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, მათ შორის სამედიცინო კონსილიუმი, შენარჩუნებული იქნება და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ექნება. ასევე დავუდასტურე, რომ სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს მის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას.
რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია იმ პატიმრების მდგომარეობაც, რომლებიც ამ კლინიკაში იმყოფებიან. მათაც აქვთ კონკრეტული საჭიროებები, რომელსაც მომავალში სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან.
ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე განთავისუფლებას”, – წერს იოსელიანი.