AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, აქვეყნებს Facebook-ის სქრინს, სადაც უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე მას ემუქრება.
„მუქარა და შანტაჟია. პიროვნულად ამას არასოდეს შევხებივარ. საჯაროდ ვაცხადებ, ფიზიკური ანგარიშსწორების არასოდეს მეშინია. მაგრამ ქოცების ბინძური კამპანიით თუ ფიქრობს, თავს მომაკვლევინებს, მაგის იმედი ტყუილად გაქვთ. მაგარი ნერვების პატრონი ვარ. წავიდა ის დრო, ხალხი თქვენს შავ პიარს რომ უჯერებდა“, – წერს ის.
ნუგზარ სულაშვილის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ სქრინში ჩანს, როგორ ემუქრება და შეურაცხყოფს დეპუტატი მას.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა პარლამენტს, დაიწყება თუ არა დეპუტატის მუქარაზე მოკვლევა. პარლამენტში გვითხრეს, რომ ამისთვის საჭიროა პარლამენტს კონკრეტულმა განმცხადებელმა მიმართოს შესაბამისი წერილით.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ინფორმაცია არ აქვთ და გაარკვევენ.
იურისტების განმარტებით, პროკურატურა ვალდებულია, საჯაროდ გავრცელებული მუქარის შესახებ ინფორმაციაზე მიმართვის გარეშეც დაიწყოს მოკვლევა. ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში კი, მიმართოს პარლამენტს დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის თაობაზე.
მოგვიანებით, თავად დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე გამოეხმაურა ამ ინფორმაციას და თქვა, რომ ნუგზარ სულაშვილის მიერ გავრცელებული სქრინი „ფეიკია“.