„ქართული ოცნება" კარგად აცნობიერებს ჟურნალისტების პროფესიის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

მას მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმებით გაუმჯობესდა მედიის პლურალიზმი და გაიზარდა თავისუფლების ხარისხი.

„ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ თითოეულ ჟურნალისტს, მედიასაშუალებების ყველა თანამშრომელს.

საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული თქვენი საქმიანობა საკვანძოა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული მომავლის მშენებლობისათვის. თქვენ არა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირების თავისთავად უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებით, არამედ განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის განვითარებაში, დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრებაში.

ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი კარგად აცნობიერებს თქვენი პროფესიის უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. ამის დასტურია „ქართული ოცნების” მიერ გატარებული რეფორმები, რომელთა შედეგადაც არსებითად გაუმჯობესდა მედიის პლურალიზმი და გაიზარდა თავისუფლების ხარისხი.

მადლობას გიხდით თქვენი შრომისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში”, – წერია ღარიბაშვილის მილოცვის ტექსტში.


10 მარტს პარლამენტმა უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებული რუსული კანონი ჩააგდო.  ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მრავალათასიანი საპროტესტო აქციების გამართვის შემდეგ მიიღო.

პროექტი დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის უცხო ქვეყნის აგენტად გამოცხადებას ისახავდა მიზნად.

ყველა საერთაშორისო პარტნიორის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ამ კანონის მიღება შეაფერხებდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და უარყოფით გავლენას იქონიებდა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.