საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა - HRW-ის ანგარიში

პუბლიკა

„მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა, რაც გამოიხატა მედიის წარმომადგენლებზე მრავალ თავდასხმასა და კრიტიკული ტელევიზიის დირექტორის დაპატიმრებაში“, – წერია საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის (HRW) ახალ ანგარიშში, რომელიც გასული წლის ქვეყნის მდგომარეობას აფასებს.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 2022 წელს შემაშფოთებელი იყო „პასუხისმგებლობის ნაკლებობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე, უკანონო მიყურადებაზე, უსამართლო შრომით პირობებზე, ქალებისა და ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობაზე“.

რას წერს ორგანიზაცია საქართველოში მედიის თავისუფლებაზე:

მაისში სასამართლომ ნიკა გვარამიას, წამყვანი კრიტიკული ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ დირექტორს, სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, სხვა კერძო ტელეკომპანიის დირექტორობის პერიოდში. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მისმა მენეჯერულმა გადაწყვეტილებებმა კომპანიას ნაკლები მოგება მოუტანა. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ გადაწყვეტილება გააკრიტიკა, როგორც უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული. საქართველოს სახალხო დამცველი ამტკიცებდა, რომ კომპანიის დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც საზიანო, არ შეიძლება დაექვემდებაროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და საქმის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა. ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

იყო ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მათ საქმიანობაში ჩარევის არაერთი შემთხვევა. მარტში რამდენიმე პირი თავს დაესხა „მთავარი არხის“ რეპორტიორ ემა გოგოხიას და მის ოპერატორს ზუგდიდში, როდესაც იღებდნენ, როგორ შლიდნენ მუნიციპალიტეტის მერიის  თანამშრომლები უკრაინის დროშას პარტიის ფასადიდან. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ხელშეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ივნისში ბათუმში ორი პირი თავს დაესხა TV პირველის ოპერატორ მურმან ზოიძეს. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით ორი პირი დააკავა.

ივლისში პროკურატურამ დაიწყო გამოძიება შემთხვევაზე, როდესაც დეპუტატი, სავარაუდოდ, ფიზიკურად თავს დაესხა TV პირველის დამფუძნებელს, ვახტანგ წერეთელს.

მაისში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გათავისუფლებულმა სამმა ჟურნალისტმა არხის მენეჯმენტი დაადანაშაულა ცენზურასა და სარედაქციო პოლიტიკაში „უხეშ ჩარევაში“, განსაკუთრებით, რუსეთის მიმართ კრიტიკული მასალების მომზადებისას. რამდენიმე დღის შემდეგ მსგავს ბრალდებებზე მაუწყებლის სხვა ყოფილმა ჟურნალისტმაც ისაუბრა.