აშკარად იკვეთება, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი - კალაძე ბერბოკზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადების შესახებ ამბობს, რომ ბერბოკი რეალობას აცდენილია.

„არ ვიცი, რაზე საუბრობს. აშკარად იკვეთება ის, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია. ეს არის იმ კურსისა და ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში ვისმენთ, აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს აკეთებს. თქვენ იცით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმოდგენილი 12-პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ. ერთადერთი, ვინც ამ ყველაფერში არ მონაწილეობს, პასუხისმგებლობას არ იღებს და იმის სურვილი არ აქვს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, არის ოპოზიცია“, – განაცხადა კალაძემ.

მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ მან არ იცის ამ განცხადების კონტექსტი.

„მე არ ვიცი, რა არის ამ განცხადების კონტექსტი. აქედან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი და რა არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება დეკემბერში და ჩვენი დღის წესრიგია 12 რეკომენდაციის შესრულება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც შეეხება ბერბოკის კომენტარს, მე კონტექსტი არ ვიცი და გამიჭირდება კომენტარის გაკეთება, რაც შეეხება სტიგმატიზაციას და ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიც არის დემოკრატიული უკუსვლა, ოლიგარქიზაცია, კლანი, სახელმწიფოს მიტაცება და ასე შემდეგ, ეს არის საბჭოური მეთოდები“, – განაცხადა მან.


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა საქართველოში ვიზიტამდე ოფიციალური განცხადება გაავრცელა. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, მინისტრი ამბობს, რომ არის მცდელობები, საქართველომ პროევროპულ კურსს გადაუხვიოს.