დამოუკიდებელი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ კობახიძეს მუსლიმების დაცვა მძიმე რეპუტაცია ჰგონია.
„ქართველი ხალხის მიერ თავად კუთხეში მიყენებული და გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ მუსლიმების და სხვა უმცირესობების დაცვა მძიმე რეპუტაციაა. მძიმე რეპუტაციის რა გითხრათ, მაგრამ მოღალატეებისთვის მძიმედ ასატანი რეპუტაცია ნამდვილად მაქვს“, – წერს ის.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუშინ პარლამენტში „ხალხის ძალის“ წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის მიერ ტარიელ ნაკაიძისთვის მიკროფონის ჩარტყმაზე აცხადებს, რომ როდესაც დეპუტატი კოლეგებს მოღალატეებს ეძახის, ეს დაუშვებელია.
მან ჟურნალისტებთან ძალადობის მკაფიოდ დაგმობის ნაცვლად ძირითადად იმაზე ისაუბრა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე „მძიმე რეპუტაციის კაცია“.
„დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ გეტყვით, რომ ტარიელ ნაკაიძეს მძიმე რეპუტაცია აქვს. არ მინდა და არ განვმარტავ. არ განვმარტავ, რადგან ეს მძიმე თემაა, სენსიტიური. ვთქვი, რომ ძალადობას ვამართლებ? როცა მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი ტარიელ ნაკაიძე კოლეგებს მოღალატეებს უწოდებს, მის მიმართ ხავერდოვანი დამოკიდებულება ვერ ექნებათ და ჩემთვის ესაა გასაგები“, – თქვა მან.