კობახიძე: ნაკაიძე მძიმე რეპუტაციის კაცია და როცა კოლეგებს მოღალატეებს უწოდებს, მიუღებელია

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუშინ პარლამენტში „ხალხის ძალის“ წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის მიერ ტარიელ ნაკაიძისთვის მიკროფონის ჩარტყმაზე აცხადებს, რომ როდესაც დეპუტატი კოლეგებს მოღალატეებს ეძახის, ეს დაუშვებელია.

მან ჟურნალისტებთან ძალადობის მკაფიოდ დაგმობის ნაცვლად ძირითადად იმაზე ისაუბრა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე „მძიმე რეპუტაციის კაცია“.

„ეს არის ზუსტად „იმერული ესკიზები“. ზოგადად, შეიძლება, არ იყოს კარგი, რომ პარლამენტში ასეთი ინციდენტებია, მაგრამ როცა სხდომათა დარბაზში დეპუტატი შემოდის, ძალიან მძიმე რეპუტაციის მქონე, რომელიც სხვა კოლეგებს მოღალატეებს უწოდებს, ეს მიუღებელია.

დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ გეტყვით, რომ ტარიელ ნაკაიძეს მძიმე რეპუტაცია აქვს. არ მინდა და არ განვმარტავ. არ განვმარტავ, რადგან ეს მძიმე თემაა, სენსიტიური. ვთქვი, რომ ძალადობას ვამართლებ? როცა მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი ტარიელ ნაკაიძე კოლეგებს მოღალატეებს უწოდებს, მის მიმართ ხავერდოვანი დამოკიდებულება ვერ ექნებათ და ჩემთვის ესაა გასაგები“, – თქვა მან.

მისი თქმით, დეპუტატს ვერავინ ვერსად გადასვამს, თუ დეპუტატებს ახლოს ჯდომა არ სიამოვნებთ „ხალხის ძალის“ წარმომადგებლებთან, სხვაგან გადასხდნენ.

„როცა ტარიელ ნაკაიძე კოლეგებს მოღალატეს უწოდებს, საკუთარ სინდისს მიხედოს. მგონი, სჯობს, თავად გადაჯდნენ სხვა ადგილას. თუ ვინმეს მორალური პრობლემები აქვს, ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“, –  განაცხადა კობახიძემ.