პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ აქვს განსხვავებები პარტიაში, მენეჯმენტთან და პარტიიდან წასვლის საკითხზეც ფიქრობს. მან ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
გადაცემაში ხატია დეკანოიძემ ის საკითხები ჩამოთვალა, რაშიც არ ეთანხმება და აქვს შეუთავსებლობა პარტიის მენეჯმენტთან.
„მე მაქვს განსხვავებები ჩემს პარტიაში მენეჯმენტთან. პირველი, რაც გამოვიდა სააშკარაოზე იყო ის, რომ ეს იყო თითქოს მხოლოდ ბოიკოტის თემა. რა თქმა უნდა, ბოიკოტის შესახებ მქონდა ძალიან განსხვავებული პოზიციები. ბოიკოტი რას ნიშნავს? – ბოიკოტში შეიძლება გახვიდე ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, ერთი სასესიო კვირა, მაგრამ მუდმივად ბოიკოტში გასვლა და შემოსვლა, ამან იმდენად გაცვეთილი სახე მიიღო, რომ ადამიანები აღარც აღიქვამენ. მე მესმის, რომ ამ პარლამენტს აქვს სერიოზულად იმიჯი დაკარგული, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრს ვიბრძვით იქ და თუ ჩვენ შევედით პარლამენტში, ეს პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ.
მეორე საკითხი იყო ძალიან სერიოზული, მე არ ვეთანხმებოდი თავმჯდომარის კანდიდატურას. პიროვნული არავისთან არაფერი არ მაქვს საერთოდ, პირიქით, მე მივიჩნევდი, რომ ლევანი არის ძალიან კარგი აქტივისტი ანტიკორუფციონერი და საკრებულოში ძალიან კარგი იყო. ამაზეც დავაფიქსირე ჩემი პოზიცია.
მესამე ეს იყო პოლიტსაბჭოს არჩევნების თემა, როდესაც პოლიტსაბჭოს არჩევნები ჩატარდა გაუმჭვირვალედ. მე და ძალიან ბევრმა ადამიანმა პოსტფაქტუმ გავიგეთ ამის შესახებ. ამაზე მე ჩემს კოლეგებთან საუბარი მქონდა.
ბოლო საკითხი იყო 9 აპრილის აქცია, როდესაც მე არ ვეთანხმები იმ ფორმას, რა ფორმითაც იქნა გამოცხადებული ეს აქცია. ვფიქრობ, რომ შეიძლება დაზიანდეს საერთო პროცესი.
ამიტომ ვთქვი, მე ამაზე [პარტიიდან წასვლა] ნაფიქრი მაქვს, ვფიქრობ და ყველა ნიუანსი გადაწყვეტილების შემდეგ იქნება ცნობილი. ამ ეტაპზე ეს ყველაფერი გამოიყურება შეუთავსებლად… არ ვიცი, ვერ გეტყვით, მალე… ყველაფერს ვიტყვი, მე არ მჩვევია პასუხისმგებლობის აცილება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.