„ქოცური ნარატივია“ - ხაბეიშვილი უარყოფს, რომ კლინიკიდან სააკაშვილის ფიზიკურ გამოხსნაზე უსაუბრია

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში უარყო, რომ მან მიხეილ სააკაშვილის კლინიკად ფიზიკურ გამოხსნაზე ისაუბრა.

ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ეს „ქოცური ნარატივია“ და მან მხოლოდ ის თქვა, რომ ფიზიკურად ბრძოლისთვის მზად იყო.

გადაცემაში „პოლიტმეტრში“ ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა მას ჰკითხა, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან ფიზიკურად გამოხსნასაც კი აანონსებდა და ახლა რა გეგმა აქვს პარტიას მიხეილ სააკაშვილის საკითხზე. ამ შეკითხვამ ლევან ხაბეიშვილი გააღიზიანა.

„ფიზიკურ გამოხსნასთან დაკავშირებით, უკაცრავად, მაგრამ მე ვთქვი, რომ ფიზიკურად მზად ვართ ბრძოლისთვის-თქო. თუ გინახავთ ლევან ხაბეიშვილს ოდესმე უკან დაეხიოს, ესეც მომიყევით და ამ ქოცურ ნარატივს ნუ აყვებით მართლა. უხერხულია, მუდმივად საუბრობდეთ და კითხვას სვამდეთ იმაზე, რომ თურმე ვიღაც ფიზიკურად გამოიხსნის ვინმეს, “- მიმართა მან ჟურნალისტს.


2023 წლის 25 იანვარს ლევან ხაბეიშვილმა „TV პირველის“ ეთერში თავისი გეგმების შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას დასმულ შეკითხვაზე – „შევარდებით და გამოიხსნით ფიზიკურად სააკაშვილს?“ – ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ასეც მოიქცევა:

„თუ საჭირო გახდა ამასაც გავაკეთებთ, ნუ გგონიათ რომ ან ამაზე არ წავალთ, ან ამას არ გავაკეთებთ, რადგან აქ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილზე კი არ არის ლაპარაკი, აქ საუბარია მიშა სააკაშვილის ბედზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ მიიღებენ…“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.