გუბაზ სანიკიძე აპირებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს სასამართლოში უჩივლოს

პუბლიკა

დეპუტატი გუბაზ სანიკიძე  ამბობს, რომ აპირებს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს სასამართლოში უჩივლოს ცილისწამებისთვის. მან ამის შესახებ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

გუბაზ სანიკიძე პარლამენტში საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ სიით მოხვდა.

„მივიღე გადაწყვეტილება მას ვუჩივლო სასამართლოში, მან ცილი დამწამა რომ მე მაქვს 100 000 დოლარი აღებული „ნაციონალური მოძრაობიდან“,  ღარიბაშვილს მოუწევს ამის დამტკიცება. ხომ მიდის ლაპარაკი, რომ ვის შეეწერა ჩემი სიტყვები… ის ამას ვერ დაამტკიცებს და ისტორიაში შევა სახელით „ირაკლი შეწერილი“. ვერ დაამტკიცებს, რადგან რაც ბუნებაში არ ყოფილა რა უნდა დაამტკიცოს, “- თქვა მან.

24 მარტს, პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილმა გუბაზ სანიკიძეზე თქვა, რომ ის „გაყიდული ადამიანია და მას 100 000 ლარი აქვს აღებული“. ამაზე გუბაზ სანიკიძის რეპლიკის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა მისი მისამართით შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოიყენა და გუბაზ სანიკიძეს „არაკაცი“ უწოდა.

პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ კი „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერ დეპუტატს გუბაზ სანიკიძეს დაუპირისპირდნენ. ისინი გუბაზ სანიკიძეს კიბეებზე დაედევნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.