შალვა კეკელიას უარი წესის აგებაზე | 3 ტყუილი, რომელიც მან ვიდეოში თქვა

პუბლიკა

დეკანოზმა შალვა კეკელიამ „ბიბლიური თავისუფლების“ მოწმობის მქონე 27 წლის ახალგაზრდას წესი არ აუგო. ამის შესახებ მან თავად ისაუბრა 25 მარტს გავრცელებულ ვიდეოში.

პარტია „გირჩის“ მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებისთვის გამოიყენება.

ამ ინფორმაციის გაზიარების შემდეგ შალვა კეკელიამ პარტია „გირჩი“ და ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ მწვავედ გააკრიტიკა. მათ შორის, ისაუბრა ისეთ საკითხებზე, რომლებიც სცდება ფაქტობრივ მოცემულობას და დაუდასტურებელი ბრალდებებია.

რა საკითხებზე ისაუბრა დეკანოზმა შალვა კეკელიამ ვიდეომიმართვაში და რატომ არის მცდარი მისი არგუმენტები? გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მისი მიმართვიდან.

„ეს არის სექტა და არ გვაქვს უფლება, მსახურება ჩავუტაროთ მის წევრებს“

ვიდეომიმართვაში შალვა კეკელია „ბიბლიურ თავისუფლებას“, ორგანიზაციას, რომელიც ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარება, სექტად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ვინაიდან ამ მოქალაქეებმა „აღმსარებლობა შეიცვალეს”, უფლება არ აქვთ, მართლმადიდებლურ საეკლესიო მსახურებაში მიიღონ მონაწილეობა.

„ჩემი აზრით და ძალიან ბევრი ადამიანის აზრითაც, ეს ადამიანები ამ „გირჩში“, ქვეყნის მტრები არიან… ღუპავენ ადამიანებს ამ საშინელი სექტით. ძალიან ბევრ ადამიანს საშუალება ვერ ეძლევა, ვინც „გირჩშია“ გაწევრიანებული, რომ საეკლესიო მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა.

ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ნებაყოფლობით ხდება სხვა რელიგიის აღმსარებელი, სხვა რელიგიის მღვდელმსახური. ამიტომ ეკლესიას ხელ-ფეხი ეჭრება, უფლება არ აქვს, რომ იმ ადამიანთან დაკავშირებით მსახურება ჩაატაროს“, – ამბობს დეკანოზი ვიდეომიმართვაში.

თუმცა „ბიბლიური თავისუფლება“ არის ორგანიზაცია, რომელიც პარტია „გირჩმა“ იმ მიზნით დააფუძნა, რომ სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით კანონში არსებული ჩანაწერი გამოეყენებინა და ახალგაზრდებს გაწვევისგან თავის არიდებაში დახმარებოდა. პარტიის ინფორმაციით, მათ ჯამში 50 000-ზე მეტი ასეთი მოწმობა აქვთ გაცემული.
„ბიბლიური თავისუფლება“ მღვდელმსახურის მოწმობას გასცემს, რასაც იურიდიული ძალა აქვს და, ჯერჯერობით, მოქალაქეებს ჯარისგან იხსნის. ამის გარდა, ორგანიზაციას არ აქვს კონკრეტული მრწამსი, რიტუალები და ატრიბუტიკა, განსხვავებით რელიგიური მიმდინარეობებისგან. პრაქტიკაში, ეს ორგანიზაცია არანაირ რელიგიურ საქმიანობას არ ეწევა. შესაბამისად, სექტად მათ მოხსენიებას მხოლოდ დისკრედიტაციის მიზანი აქვს.
იმ აზრს, რომ „ბიბლიური თავისუფლების“ გამოყენება აღმსარებლობის შეცვლას არ ნიშნავს, იზიარებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ლეონ გელოვანი. ის დეკანოზ შალვა კეკელიას მიმართვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მზადაა, თავად ჩაატაროს საეკლესიო რიტუალები ამ ორგანიზაციის წევრებისთვის. 
„გაცხადებულად იცის ყველამ, რომ „ბიბლიური თავისუფლების“ წევრი არ იცვლის რწმენას, არამედ წევრიანდება კონკრეტულ ორგანიზაციაში მხოლოდ ერთი მოტივით – აარიდოს თავი კონკრეტული დროის ფუჭად დაკარგვას.
ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ, მე, როგორც მართლმადიდებელი მღვდელი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქრისტიანი გარდაცვლილისთვის შევასრულებ წესის აგების რიტუალს, განურჩევლად იმისა, თუ რა სახით არიდებდა თავს იგი ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახურს“, – წერს ლეონ გელოვანი.

„ცდილობენ, უმძიმესი ნარკოტიკით მოწამლონ საზოგადოება“

„ნახეთ, რას აკეთებენ ეს ძალიან ცუდი ადამიანები და ძალიან ცუდი სექტა, ქვეყნის მტრები. ქადაგებენ ნარკოტიკებზე, სულ საუბარია იმაზე, რომ ახალგაზრდობას რაც შეიძლება მეტი მარიხუანა მიაწოდონ და ეს მძიმე ცოდვაა; ცდილობენ, უმძიმესი ნარკოტიკით მოწამლონ მთელი საზოგადოება, მთელი ქვეყანა და ჩვენი ახალგაზრდობა ამ ნარკოტიკზე ჰყავდეთ დამოკიდებული“, – განაცხადა ვიდეომიმართვაში შალვა კეკელიამ.

თუმცა დეკანოზს არ მოუყვანია ფაქტები, რას მიიჩნევს „მოხმარების პროპაგანდად”. სხვადასხვა დროს „გირჩი“, ისევე როგორც ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციები, განსხვავებული არგუმენტებით ემხრობოდა ნარკოპოლიტიკის ცვლილებას, თუმცა დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნა ნიშნავს თუ არა „მოხმარების პროპაგანდას”, ამაზე შალვა კეკელიას არ უსაუბრია. სანაცვლოდ, დეკანოზმა სხვა მანიპულაციურ განცხადებებთან ერთად თქვა, რომ პროპაგანდით „ბევრი ადამიანი დაღუპეს“.
საქართველოში ნარკოპოლიტიკის საკითხების ადვოკაცია მიმართულია იქითკენ, რომ ნარკოტიკების მოხმარების გამო ადამიანები არ წავიდნენ ციხეში და მათ მიმართ არ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, ვინაიდან ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და შედეგის მომტანიც არაა.
ამასთან, დეკანოზი შალვა კეკელია ნარკოტიკების პრობლემასთან დაკავშირებით მხოლოდ პირადი აღქმებითა და განცდებით მსჯელობს, რაც ასევე განპირობებულია საკითხისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულებით. შესაბამისად, მისი მოსაზრება თავისთავად არაა თანხვედრაში მეცნიერულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებთან.
ამას გარდა, შალვა კეკელია, რომელსაც ეკლესიასა თუ სოციალურ ქსელში საკმაო რაოდენობის აუდიტორია ჰყავს, ავრცელებს სტიგმის შემცველ მოსაზრებებს, ახდენს საკითხის კატასტროფიზაციას [„ძალიან ბევრ ადამიანთან მივიდნენ და ძალიან ბევრი ადამიანი დაღუპეს”]. ამგვარი მოწოდებები ვერანაირად ვერ ასრულებს პრევენციის დანიშნულებას და პირიქით, ხელსაც უშლის პრობლემის ჯანსაღი გადაწყვეტის გზებს. ამ საკითხებზე იხილეთ „პუბლიკის“ მასალები არქივიდან სტატიის ბოლოს.

„ფულის გამო აკეთებენ ამ ყველაფერს“

კიდევ ერთი არგუმენტი, რაც „ბიბლიური თავისუფლებისა“ და „გირჩის“ წინააღმდეგ დეკანოზმა გამოიყენა ისაა, რომ მისი თქმით, ორგანიზაციის დამფუძნებლები ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში მხოლოდ ფინანსური დაინტერესების გამო ეხმარებიან.

„ნახეთ, რას აკეთებენ: ადამიანს, ვინც ამ სექტაში წევრდება, 50 ლარს ახდევინებენ. შემდეგ ყოველ 6 თვეში ამ ადამიანებს უწევთ 50 ლარის გადახდა. სექტიდან რომ გამოდიან, ისევ ახდევინებენ 50 ლარს. სადღაც უკვე 50 000 კაცზე მეტია გაწევრებული ამ სექტაში. რამდენი თანხა შესდით ამ ადამიანებს?! და რას აკეთებენ?! ესენი ამ ყველაფერს აკეთებენ ფულის გამო!“, – თქვა დეკანოზმა.

თავად პარტია „გირჩის“ ლიდერები კი აცხადებენ, რომ მათთვის სავალდებულო სამხედრო სამსახური იდეურად არის მიუღებელი და სურთ, რომ ის საერთოდ გაუქმდეს, მანამდე კი საკანონმდებლო „ხარვეზებით“ ეხმარებიან ახალგაზრდებს გაწვევისგან თავის დაღწევაში.
ფინანსურ დაინტერესებაში „გირჩს“ ხელისუფლებამაც დასდო ბრალი, რის საპასუხოდაც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ რადგან „გირჩის“ დეკლარირებული მიზანია სავალდებულო სამსახურის საერთოდ გაუქმება, ამის შემდეგ თავისთავად არ იქნება საჭირო „ბიბლიური თავისუფლება“. ასე რომ, ორგანიზაცია შემოსავლის წყაროს სწორედ თავიანთი მიზნების მიღწევის შემთხვევაში დაკარგავს და ფინანსურ ინტერესებზე საუბარი აბსურდია.
პარტიის პოზიციით, მოწმობის გასაცემად დაწესებული თანხა ასევე ემსახურება მიზანს, პარტია არ იყოს ფინანსურად დამოკიდებული საბიუჯეტო სახსრებზე.