მოსამართლე განმარტავს, რატომ წავიდა აშშ-ში

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი მოსამართლე, მაკა გველესიანი განმარტავს, რატომ წავიდა აშშ-ში ემიგრაციაში.

მის განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ყოფილი მოსამართლე განმარტავს, რომ ის შვილის მკურნალობისთვის წავიდა ემიგრაციაში და არ გაქცეულა ან უპასუხისმგებლოდ არ მოჰკიდებია თავის საქმეებს. ამავე განცხადებიდან ცხადი ხდება, რომ მოსამართლემ „მწვანე ბარათზე“ განაცხადი შვილის დიაგნოზამდე შეიტანა.

„2021 წლის თებერვალში ჩემს ერთ-ერთ შვილს დაუდგინდა აუტოიმუნური დაავადება, რომელიც მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას და მედიკამენტების მიღებას საჭიროებს. მალევე, 2021 წლის მაისში, მოვიგეთ აშშ-ის „მწვანე ბარათი“. ვინაიდან აღნიშნული დიაგნოზის პაციენტების სრულყოფილი გამოკვლევა არც მაშინ და არც ამჟამად ვერ ხერხდება საქართველოში, გადავწყვიტეთ, გამგზავრებულიყავით აშშ-ში ვიზის მიღების შემდეგ. 2022 წლის 1 ივლისს უკვე მიღებული გვქონდა ვიზები, მაგრამ ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ოქტომბრის ბოლომდე ვერ შევძელით წასვლა…

…შვებულების პერიოდში ვერ შევძელით ჩემი შვილისთვის სრულყოფილი სამედიცინო შემოწმების ჩატარება, ვინაიდან დაზღვევის საბუთების მოწესრიგებას და პედიატრთან კვლევას დასჭირდა დრო. პედიატრის მიმართვის საფუძველზე კი მხოლოდ 2023 წლის 3 იანვარს მოხერხდა ვიზიტის ჩანიშვნა ბავშვთა ენდოკრინოლოგთან. ექიმთან ვიმყოფებოდით 20 იანვარსაც, ხოლო შემდეგი ვიზიტი გვაქვს 21 აპრილს, როგორც უკვე აღვნიშნე აღნიშნული დაავადება მუდმივ სამედიცინო კონტროლსა და მკურნალობას საჭიროებს, რისი გათვალისწინებითაც ჩემი ერთჯერადი ჩამოსვლა აშშ-ში საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოსვლიდან დღემდე არ მოიხმარდა აუცილებელ მედიკამენტებს, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო გაუმჯობესებული, რასაც ექიმის კვლევაც ადასტურებს. ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებინა მოსამართლის თანამდებობა…

…2022 წლის 1 ივლისიდან უკვე გვქონდა ვიზები (2015 წლიდან მე და ჩემს მეუღლეს გვქონდა აშშ-ს 10 წლიანი ვიზები) შვებულებაში გასვლამდე ვიხილავდი სისხლის სამართლის საქმეებს ჩვეულებრივ რეჟიმში და რამდენიმე მათგანი მხოლოდ ობიექტური მიზეზების გამო ვერ დასრულდა. ასევე, სიცრუეა სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოსამართლეებს არ აქვთ შესაბამისი სამუშაო პირობები. პირადად ჩემი წასვლა ქვეყნიდან არ არის დაკავშირებული ჩემს სამსახურთან და პირიქით მადლობა სასამართლოს მენეჯმენტს იმ მშვიდი და ორგანიზებული გარემოსთვის, რომელიც იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში. რაც შეეხება ე.წ. “გახმაურებულ საქმეებს” ჩემთვის ესეთი საქმე არ არსებობდა, ვინაიდან ყველა საქმე და ყველა პირის უფლება იყო თანაბარმნიშვნელოვანი, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ 16 წლის მოღვაწეობის მანძილზე, ჩემს მიერ განხილულ არც ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, “ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს” არ დაუდგენია სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა“, – წერია მოსამართლის განცხადებაში.

ასევე გავრცელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებაც. მან სიუჟეტს ცილისმწამებლური უწოდა და განმარტა, რომ მაკა გველესიანის განცხადების გავრცელება გახდა საჭირო, რადგან გრძელდებოდა სპეკულაციები.

„პროვოკაციული სიუჟეტით და მუდმივი სპეკულაციით, ადამიანი და მისი ოჯახიც იმგვარი მორალური, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ მოაქციეს, აიძულეს – საჯაროდ ესაუბრა უაღრესად პირადულ, დელიკატურ საკითხებზე…

…მაინტერესებს, აღნიშნული აქტორები შეაფასებენ თუ არა შექმნილ ვითარებას ობიექტურად; ანუ, მიუდგებიან თუ არა ისეთივე სტანდარტებით აღნიშნულ მაუწყებელს და ,,ჟურნალისტებს“, როგორი სტანდარტებითაც კრიტიკის, თავდასხმის ობიექტად აქცევენ ხოლმე სხვა, მათთვის არასასურველი ორგანიზაციების თუ უწყებების წარმომადგენელთა მოქმედებებს. თუ, როგორც სჩვევიათ, თავიანთ ,,რაპორტებში“ კვლავაც შეეცდებიან ამტკიცონ, რომ სახეზეა ,,სასამართლო კლანის“ მიერ დევნილი და უცხოეთში გადახვეწილი კიდევ ერთი მოსამართლე?!“, – დაწერა გვრიტიშვილმა.

ყოფილი მოსამართლის, მაკა გველესიანისა და დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჟურნალისტი ნოდარ მელაძე. მოსამართლეების შესახებ სიუჟეტი მის გადაცემაში გავიდა.

მელაძე წერს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა ინფორმაცია იმაზე, რომ ეს სიუჟეტი მზადდებოდა და საკმარისი დრო პასუხისთვის, რაც არ გააკეთეს.

„თუ ჰქონდათ ინფორმაცია უვადო მოსამართლის ქვეყნიდან წავსლის მიზეზებზე დეტალურად, რატომ არ გვითხრეს ?! ინტერვიუს დროს გვრიტიშვილი ამბობს -“ვერ გეტყოდითო” თუ ვერ გვეტყოდნენ, საიდან უნდა გაგვეგო?! ორი კვირის განმავლობაში ჟურნალისტი მივიდა, სააპელაციო სასამართლოში, ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს, ჩაწერა ინტერვიუ ლევან მურუსიძესთან, მივიდა მოსამართლის მისამართზე, კიდევ სად უნდა გადაგვემოწმებინა ინფორმაცია?!“, – წერს ის.

სიუჟეტი, რომლის შესახებაც ამ მასალაშია საუბარი, „ნოდარ მელაძის შაბათში“ 25 მარტს გავიდა.

სიუჟეტის მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გველესიანი, რომელიც თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრაციაში წავიდა. ამ ინფორმაციას იუსტიციის საბჭოს წევრი, მოსამართლე ლევან მურუსიძე ადასტურებს.

ამავე სიუჟეტში მურუსიძე ამბობს, რომ ქვეყნიდან წასვლაზე მასაც უფიქრია, რადგან მოსამართლეებს ჟურნალისტების გამო მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა.