ეს არის ძალიან ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება - პაპუაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე

პუბლიკა

„ეს არის ძალიან ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება. ჩვენ ვნახეთ, რომ, რაც არ უნდა ყოფილიყო საფუძველი ამ გადაწყვეტილების, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება, ვინ სარგებლობს ამ გადაწყვეტილებით – სარგებლობს რადიკალიზმის გაღვივება, სარგებლობს პოლარიზაციის გაღრმავება და სარგებლობს საქრთველოს ევროპული ინტეგრაციისთვის წყლის შეყენება. ამიტომ, თავისთავად, ძალიან იმედგამაცრუელებელია ასეთი მოქმედება“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდგომ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ რა კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით, ელჩმა კი გაიმეორა უკვე საჯაროდ ნათქვამი, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებულია საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე.

„არაფერი რაიმე ინფორმაცია დამატებითი, როგორც ჩანს, არ არსებობს. არის ის რაცაა, პრესასა თუ სხვადასხვა კვლევაში, ის, რაც ყველამ ჩვენ ვიცით, თუმცა სპეციფიკურად რომელი ინფორმაციაა განმაპირობებელი, ამასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია არ მიგვიღია, ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან ასეთი მძიმე ბრალდების გაკეთება მართალია, გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ სავიზო შეზღუდვას, მაგრამ ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების, ქართველი მოსამართლეების პიროვნული შეტევა, მათთვის, როგორც კორუმპირებული მოსამართლეებისთვის, იარლიყების მიწებება არის აბსოლუტურად მიუღებელი. პარტნიორები ასე არ იქცევიან….

ამ გადმოსახედიდან, ამ პარტნიორობის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველო აჩვენებს აშშ-ს, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი არ არის ისეთი, როგორც იქცევიან პარტნიორები, როდესაც ხდება ჩვენი მოქალაქეებისა და მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება, რომ ისინი არიან კორუმპირებულები, იმ კონტექსტში, რომ არ ხდება არანაირი მტკიცებულების წარმოდგენა, ხდება მითითება საჯარო წყაროებზე, რა არის ამ საჯაროში სპეციფიკური წყარო ვერავინ ვერ გაარკვია, რა თქმა უნდა, ჩემი იმედგაცრუება გამოვთქვი ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

სანქცირებულ მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.