აშშ-მა ქართველი მოსამართლეების დასანქცირების გადაწყვეტილება მიიღო

პუბლიკა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

სანქცირებულ მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

პრესრელიზის მიხედვით, ამ პირებმა ბოროტად გამოიყენეს სასამართლოს თავმჯდომარეებისა და წევრების თანამდებობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში, რაც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას.

„ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას.

ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად.” – ვკითხულობთ პრესრელიზში.