არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რაც ევროკავშირის კონკრეტულ წერილში დაფიქსირებული იყო - დავითაშვილი

პუბლიკა

ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოსგან დემარშის მიღების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს გაუზიარა ინფორმაცია, რომ რუსეთთან ფრენის დაწყების შემდეგ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებში საბაჟო კონტროლი გაძლიერდება, რომ დაზღვეულ იქნას სანქციების თავიდან არიდება ან საერთაშორისოდ დაწესებული სანქციების დარღვევა.

მინისტრის თქმით, ელჩებს აუხსნეს, რომ საქართველოს კონტექსტი რუსეთთან მიმართებით განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, რადგან საქართველოს აქვს საზღვარი სახელმწიფოსთან, რომელსაც ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს.

დავითაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრებისგან სავაჭრო ურთიერთობებზე ცალსახა პოზიცია არ არსებობს და ზოგი ქვეყანის ვაჭრობა რუსეთთან გაზრდილია, რა საკითხზეც საქართველოს ხელისუფლებას სურს მკაფიო დიალოგი.

„ჩვენი მდგომარეობა არ შეიძლება, გაიგივებული იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდგომარეობასთან. საქართველო ჯერ კიდევ არ არის ევროკავშირის წევრი, გვაქვს პროგრესი და იმედი გვაქვს, რომ ეს ადეკვატურად დაფასდება, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა სპეციფიკურია, ეს იქნება უსაფრთხოების თუ ეკონომიკური ურთიერთობის კუთხით“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რაც ევროკავშირის დემარშში დაფიქსირებულ იყო. დავითაშვილის მტკიცებით, ხელისუფლება მზადაა დიალოგისთვის, დისკუსიისთვის და გუწრფელი პოზიციის გაზიარებისთვის.

„ეს არის მუშა პროცესი, ჩვენ დიალოგი გვაქვს უამრავ საკითხზე. თქვენ მოისმინეთ, რომ მათი მხრიდან ეს არის დაფასებული და ჩვენც ვაფასებთ, რომ გულწრფელად შეიძლება ვისაუბროთ ძალიან პირდაპირი ენით“, – განაცხადა მინისტრმა.

შეკითხვაზე, იყო თუ არა სანქციებზე საუბარი, დავითაშვილმა თქვა, რომ „არანაირ სანქციაზე არ იყო საუბარი“.

ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ საქართველოს ეკონომიკის მინისტრს დემარში გამოუცხადა. დიპლომატების დემონსტრაციული ქმედება რუსეთთან პირდაპირი ფრენის დაწყების საკითხს შეეხო.

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან განაცხადა, რომ სამინისტროში შეხვედრაზე მინისტრ ლევან დავითაშვილს აცნობეს, რომ ფრენის დაწყების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 27-ვე წევრი ქვეყნის ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცის გადაკვეთა.

ელჩის თქმით, შეშფოთება გამოთქვეს იმაზე, რომ ეს ეწინააღმდეგება რუსეთს იზოლაციაში მოქცევას და ზეწოლის გაძლიერებას.