სააკაშვილი: ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად

პუბლიკა

„ზელენსკის გულში საქართველოს უკავია ცალკე ადგილი, მაგრამ ემოციასაც რომ დავანებოთ თავი, ჩვენ ყველა უნდა ვემზადოთ უკრაინის გარდაუვალი გამარჯვებისთვის, “- წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშილის წერს, რომ ყველა უნდა მოემზადოს აფხაზეთისა და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის.

„ეს ფანჯარა სულ მალე გაიხსნება და ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ ის მომენტი, როცა რუსეთის არმია ბოლომდე იქნება ჩამოშლილი და მოსკოვში არეულობა დაისადგურებს.

ზელენსკის აქვს ფართო სტრატეგიული ხედვა და ომის შემდეგ ეს ხედვა დაეფუძნება ევროპის უძლიერეს შეიარაღებულ ძალებს და იმას რომ უკრაინის სიტყვას ძალიან დიდი წონა ექნება მსოფლიოში.

საქართველო აფხაზეთის ჩათვლით ასევე თავის მხრივ იქცევა მთელი მსოფლიოსთვის მიმზიდველ და ძალიან მდიდარ ქვეყნად.

მე არ გამოვრიცხავ რომ შავიზღვისპირეთში ჩვენ საერთო საზღვარი გვქონდეს უკრაინასთან. დღეს პრეზიდენტ ზელენსკიზე და უკრაინის არმიაზეა ჩამოკიდებული მთლიანად ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნა და გამარჯვება.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ზელენსკის, დასავლეთის, უკრაინის და ესეიგი ქართველი ხალხის სწრაფ გამარჯვებაში.

ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად, “- წერს სააკაშვილი.